ქართული
სპორტი
 
 
7-კაცა რაგბი
სპორტის სახეობის აღწერა

7-კაცა რაგბის ფუძემდებლებად მიჩნეულნი არიან შოტლანდიის ქალაქ მელროუზის მკვიდრი ყასბები - ნედ ჰეიგი და დევიდ სანდერსონი, რომლებივ 1883 წელს ადგილობრივ მორაგბეთა კლუბისთვის სახსრების მოსაზიდად ერთგვარი ბლიც-ტურნირის ჩატარების წინადადებით გამოვიდნენ.

იქიდან გამომდინარე, რომ 15-კაცა რაგბის სტანდარტები მეტ დროს და, შესაბამისად, მეტ ხარჯებს მოითხოვდა, გადაწყდა მოთამაშეების ოდენობის 15-დან 7-მდე, ხოლო თამაშების ხანგრძლივობის 80-დან 15 წუთამდე შემცირება.

შორეულ 1883 წელს დაწყებული ისტორია დღემდე გრძელდება. გარდა მელროუზის ტურნირისა, ყოველწლიურად იმართება მსოფლიო სერიის პრესტიჟული შეჯიბრები, უმთავრესი ასპარეზობა კი მსოფლიო თასის გათამაშებაა, რომელიც 1993 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ იმართება (ქალებში მსოფლიო თასი 2009 წლიდან თამაშდება).

7-კაცა რაგბისთვის ისტორიული გამოდგა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 2009 წლის კოპენჰაგენის 121-ე სესია, სადაც მას ოლიმპიური სპორტის სტატუსი მიენიჭა.

2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვეს ფიჯის კაცთა და ავსტრალიის ქალთა გუნდებმა. აღსანიშნავია, რომ რაგბი (15-კაცა) ოლიმპიური პროგრამის ნაწილი იყო 4-ჯერ - 1900, 1908, 1920 და 1924 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.

7-კაცა რაგბი საქართველოში
საქართველოში, უძველესი ეროვნული თამაშის - ლელობურთის სამშობლოში, პირველი საჩვენებელი სარაგბო მატჩები (15-კაცა რაგბი) 1910-20-იან წლებში ჩატარდა, პირველი შეჯიბრება - თბილისის ჩემპიონატი კი 1962 წელს მოეწყო. 1967 წლიდან ტარდება საქართველოს ჩემპიონატი.

რაც შეეხება 7-კაცა რაგბის, მისი ქართული ისტორია იწყება 1988 წლიდან, როდესაც თბილისში, ვაკის სტადიონზე რაგბის ამ დისციპლინაში პირველი ტურნირი გაიმართა. დიდ რაგბისთან შედარებით, 7-კაცა რაგბიში საქართველოს შედეგები მოკრძალებულია.

ჩვენმა მორაგბეებმა 2000 წელს პირველად მოიპოვეს მსოფლიო თასის საგზური, მომდევნო წელს კი ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და 24 გუნდს შორის მე-10 ადგილი დაიკავეს. ეს საქართველოს 7-კაცა ნაკრების საუკეთესო შედეგია მსოფლიო თასის გათამაშებაში.

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ასევე იასპარეზა 2005, 2009 და 2013 წლის მსოფლიო თასებზეც. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ჩვენმა მორაგბეებმა 2008 წელს ჰანოვერში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ისინი რეგულარულად მონაწილეობენ აგრეთვე ევროპის გრან-პრის და მსოფლიო სერიის ტურნირებში.

7-კაცა რაგბის წესები
7-კაცა რაგბს სტანდარტულ სარაგბო მოედანზე, თითქმის იდენტური წესებით თამაშობენ.

მთავარი განსხვავება მოთამაშეთა რაოდენობასა და მატჩის ხანგრძლივობაშია. გუნდი 4 მცველისა და 3 თავდამსხმელისგან შედგება, მატჩი - 2 7-წუთიანი ტაიმისგან (ფინალში 10-წუთიანი ტაიმებია. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5-წუთიანი ტაიმი) 1-წუთიანი შესვენებით. ამიტომაც, 7-კაცა რაგბი გაცილებით დინამიურია და მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება.

„ნაკლები კონტაქტი და მეტი რაგბი“ - ასეთია 7-კაცა რაგბის დევიზი. დროის მცირე მონაკვეთში მოთამაშეები დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებენ - შერკინებებს ფინტები ენაცვლება, პასებს - სწრაფი გარღვევები და ეფექტური ლელოები.

ბურთი ოვალურია და მისი გადაწოდება მხოლოდ უკან შეიძლება. ლელოს დადება, ანუ მეტოქის მოედნის კიდის მიღმა ბურთის დამიწება 5 ქულად ფასობს, გარდასახვა - 2 ქულად, ხოლო შედეგიანად შესრულებული არეკნი ან საჯარიმო დარტყმა - 3 ქულად. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.

ოლიმპიური ორტომეული
(საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო ენციკლოპედიური გამოცემა; 2019 წელი)

    შედეგები

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო