ქართული
სპორტი
 
 
ბალახის ჰოკეი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ოდითგანვე იყო გავრცელებული ბალახის ჰოკეის მსგავსი თამაშობანი – ჭოროლა და ჭაკუნობა. ჭოროლას მეტწილად კახეთსა და სამეგრელოში მისდევდნენ, ჭაკუნობას – დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით – გურიასა და იმერეთში. ჭოროლას მოედანი დაახლოებით ბალახის ჰოკეის ზომისა იყო, თამაშობდნენ თხილის ან მუხის ტოტისგან დამზადებული ყვანჭებით, კარის მაგივრობას სწევდა ორმო. ჭაკუნობისთვის განკუთვნილი მოედნის სიგრძე 500 მეტრს აღწევდა, კარის ნაცვლად კი მოედნის თავსა და ბოლოში ლელო იყო მონიშნული. ამ თამაშობებს XX საუკუნის 60-იან წლებამდე მისდევდნენ.

თანამედროვე ბალახის ჰოკეის პირველი გუნდი შეიქმნა ქუთაისში 1973 წლის 3 დეკემბერს, სპორტსაზოგადოება “ლოკომოტივის” ბაზაზე. ამ საქმის თაოსანი იყო თეიმურაზ არჩაია, მხარდამჭერი – ნოდარ ზივზივაძე (სპორტკლუბ “თბომავლის” თავმჯდომარე). მომდევნო წელს სასწავლო ჯგუფები გაიხსნა თბილისსა და ბათუმში, 1974 წელსვე გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი და თასის გათამაშება კაცთა შორის. ჩემპიონობა ბათუმის “განთიადმა” მოიპოვა, თასი – ქუთაისის “ლოკომოტივმა”. იმავე წელს ქუთაისელმა ჰოკეისტებმა მოიგეს ერევნისა და ბაქოს ტურნირები და სსრკ ჩემპიონატის I ლიგის შესარჩევი შეჯიბრება. ამ ლიგაში სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ აგრეთვე ბათუმისა და თბილისის არმიის სპორტკლუბის გუნდები. ქალთა პირველი ჯგუფები გაიხსნა 1979 წელს – სსრკ I ლიგაში 2 წელი თამაშობდა ბათუმის “განთიადის” (მწვრთნელი – ზურაბ მჟავია) ქალთა გუნდი, შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა ქუთაისის “ფეიქარმა” (მწვრთნელი – ავთანდილ თევდორაძე). ქუთაისელმა გოგონებმა 1988 წელს გაიმარჯვეს საკავშირო ახალგაზრდულ პირველობაში. ჰოკეის გუნდები შეიქმნა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. 1985 წელს ქუთაისის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნურსაფრიანი მოედანი, 1992 წელს ქუთაისშივე დაარსდა ბალახის ჰოკეის პირველი სპეციალიზებული სკოლა, რომლის სასწავლო ჯგუფები გაიხსნა წყალტუბოსა და სამტრედიაში. სხვადასხვა წლებში ქართველ ჰოკეისტებს უთამაშიათ პოლონეთის, ესპანეთის, ავსტრიის, ირანის საერთაშორისო ტურნირებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ შეჯიბრებებში.

საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაცია. დაფუძნდა 1988 წლის 12 თებერვალს. 1996 წლიდან ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (FIH) წევრია. პრეზიდენტები: რევაზ რობაქიძე (1988-96), თეიმურაზ არჩაია (1996-2004), გიორგი ჩარკვიანი (2004 წლიდან). კონსტანტინე არჩაია (2006-2012), ავთანდილ თევდორაძე (2012 წლიდან).

    შედეგები

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო