საქართველოში ბადმინტონი 1960-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. სპორტის ამ სახეობის გავრცელებას ხელი შეუწყო 1963 წელს თბილისში გამართულმა სსრკ პირველმა ჩემპიონატმა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოჰყვა. გარდა თბილისისა, ბადმინტონის ჯგუფები გაიხსნა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, რუსთავში, თელავში, გურჯაანსა და გაჩიანში. პირველი თაობის ბადმინტონისტებს შორის გამოირჩეოდნენ ძმები ანატოლი და ალექსანდრე დავიდოვები, ლევან ქურხაშვილი, ვლადიმერ ბორიაკი და დავით ასტახიშვილი. პირველი სპორტის ოსტატი გახდა იულია კონდრატიევა. 1980-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა დავით კავილაძე, რომელმაც 1983 წელს სსრკ გუნდთან ერთად მეგობრობის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. საქართველოში ბადმინტონის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: გივი სამსონაძემ, ლევან ქურხაშვილმა, ანატოლი დავიდოვმა, ოთარ აბზიანიძემ, ვიქტორ მალიუტინმა და სხვებმა.
საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლიდან ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციისა (IBF) და ევროპის ბადმინტონის ასოციაციის (EBA) წევრია. პრეზიდენტები: პავლე ნონიკაშვილი (1991-94), ირაკლი კავილაძე (1994-96), ანატოლი დავიდოვი (1996-?), თინათინ ბაღაშვილი (დღემდე).
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო