ქართული
სპორტი
 
 
ავტოსპორტი
სპორტის სახეობის აღწერა

ქართული ავტოსპორტის განვითარება მნიშვნელოვანწილად განსაზღრა გასული საუკუნის 70-იან წლებში რუსთავის მახლობლად აგებულმა რესპუბლიკურმა სპორტულ - თექნიკურმა კომპლექსმა, თუმცა სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები სსრ კავშირის ჩემპიონატის პრიზიორთა შორის უფრო ადრე გამოჩნდენ. ამ საქმის სათავეში იდგნენ შოთა მამრიკიშვილი, მიხეილ ლოგინოვი, იგორ პოლტარაცკი, შოთა ზარდიაშვილი, თამაზ ცხაკაია, ვლადიმერ გურჯიძე.

პირველი ავტომრბოლელი, ვინც მაშინდელ ფორმულა 1-ის საბჭოური მოდელით წრიულ რბოლაში სსრ კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (1975), იყო გურამ დგებუაძე. მან არაერთ გამოცდილ მეტოქეს აჯობა და საერთაშორისო შეჯიბრებების საგზურიც მიიღო. დგებუაძე ავტოსპორტში ბორის სუხიშვილის და ბორის შულცის რეკომენდაციით მოვიდა. ავტოსპორტს არაერთი სპორტსმენი აზიარა ოთარ არჯევანიძემ, რომლის ვაჟი - გიორგი წარმატებით გამოდის პრესტიჟულ ტურნირებში. 2011 წელს რალიში ევროპის ჩემპიონატის (1,6-ლიტრიანი ძრავი) ეტაპი მოიგო არჩილ ბიძინაშვილმა.

1990-იან წლებში დაიწყო ნიჭიერი ავტომრბოლის დავით ქაჯაიას სპორტული კარიერა, რომელიც 2012 წელს ევროპის თასის აღებით დაგვირგვინდა. ქაჯაიამ ევროპული ტიტული ნოგაროს (საფრანგეთი)ავტოდრომზე Legends Cars-ში მოიპოვა. ამავე კლასში მსოფლიო სერიის ვიცე-ჩემპიონია სარბოლო ავტომობილების ცნობილი დიზაინერი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი შოთა აფხაზავა. მისი თაოსნობთ 2012 წელს რუსთავში გაიხსნა საავტომობილო სპორტის თანამედროვე ცენტრი - Rustavi international Motorpark. ახალი ავტოდრომის ტრასას, რომლის სიგრძე 4,122 კმ, აქვს 7 მარცხენა და 5 მარჯვენა მოსახვევი, სტარტისა და ფინიშის 667-მეტრიანი სწორი მონაკვეთი. ტრიბუნები გათვლილია 7 ათას მაყურებელზე, ტრიბუნის ქვეშ განთავსებულია 24 ბოქსი. ავტოდრომს მიენიჭა Grade 2-ის ლიცენზია.

ავტოსპორტს არაერთი უცხოეთში მცხოვრები ქართველი მისდევდა, მათ შორის - თავადი დიმიტრი ჯორჯაძე, სამეფო გვარისწარმომადგენელი ხორხე ბაგრატიონი, პავლე ლაკია, ომარ კახიშვილი, დავით რამიშვილი, რომლებმაც არაერთხელ დაიკავეს საპრიზო ადგილები ესპანეთის, რუსეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატებში.

    შედეგები

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო