თანამედროვე ტრიათლონის წარმოშობა 1920-იანი წლების საფრანგეთს მიეწერება, სადაც ერთ ფრანგულ გაზეთში Les Trois Sports-ის სახელის მქონე ერთგვარ სამჭიდზე პირველი მასალა გამოქვეყნდა. შეჯიბრება ითვალისწინებდა 3 კილომეტრზე რბენას, 12 კილომეტრზე ველორბოლას და მარნას არხში ცურვას.
თავისებური სამჭიდი ოკეანის გაღმა აშშ-ში, სან დიეგოშიც განვითარდა. ამასთან, მიჩნეულია, რომ ფრანგულ ასპარეზობას სან დიეგოში გავრცელებაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა, რადგან ის, სავარაუდოდ, უფრო დამოუკიდებლად განვითარდა.
როგორც არ უნდა იყოს, თანამედროვე ტრიათლონს სან დიეგოს სარბენ კლუბთან მივყავართ. მისმა წევრებმა - დონ შანაჰანმა და ჯეკ ჯონსტონმა მარათონულ რბენაში მოსამზადებლად მკაცრი მძლეოსნური ვარჯიშების ალტერნატივად ტრიათლონს ჩაუყარეს საფძველი. ამგვარად, ისინი მის პიონერებადაც მოგვევლინნენ.
1974 წლის 25 სექტემბერს ტრიათლონში პირველი ოფიცუიალური ასპარეზობა შედგა, რაც ითვალისწინებდა 10 კილომეტრზე რბენას, 8 კილომეტრზე ველორბოლას და 500 მეტრზე ცურვას.
ტრიათლონური ასპარეზობები 4 სტანდარტს ითვალისწინებს - სპრინტერულს, ოლიმპიურს, გრძელ მანძილზე შეჯიბრებას და ულტრას.
ახალი სახეობა ევროპაშიც გავრცელდა და 1989 წელს საფრანგეთის ქალაქს ავინიონში ტრიათლონის საერთაშორისო კავშირი დაფუძნდა. იმავე წელს გაიმართა მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი მოკლე (უკვე ოლიმპიურ ანუ სტანდარტულ) დისტანციებზე: ცურვა 1,5კმ-ზე, ველორბოლა 40კმ-ზე და რბენა 10კმ-ზე.
გზა ჩამოყალიბებიდან ოლიმპიურ სახეობად აღიარებამდე ტრიათლონმა რეკორდულად მოკლე დროში გაიარა. 2000 წელს სიდნეის თამაშებში ტრიათლონის ოლიმპიური დებიუტი შედგა (მოკლე დისტანციაზე).
კაცებში გაიმარჯვა კანადელმა საიმონ უაითფილდმა, ქალებში შვეიცარიელმა ბრიჯიტ მაკმაჰონმა.
2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამას დაემატა ტრიათლონის კიდევ ერთი დისციპლინა - შერეული (2 კაცი, 2 ქალი) გუნდური ესტაფეტა.
ტრიათლონის წესები
ასპარეზობა ტარდება სხვადასხვა დისტანციაზე: ოლიმპიური დისტანცია ინდივიდუალური დისციპლინისთვის - ცურვა 1,5კმ, ველორბოლა - 40კმ, რბენა - 10კმ; ოლიმპიური ესტაფეტა შერეული გუნდებისთვის (2 კაცი, 2 ქალი) - ცურვა 300მ, ველორბოლა - 8კმ, რბენა - 2კმ. გრძელი დისტანცია - შესაბამისად, 2,5კმ, 80კმ და 20კმ. „რკინის კაცის“ დისტანცია - 3,8კმ, 180კმ და 42,195კმ (მარათონი).
შეჯიბრება ცურვით იწყება. სპორტსმენს აცვია ელასტიკური კოსტიუმი, რომელიც გამოსადეგია ტრიათლონში შემავალი სამივე სახეობისთვის. მისი სისქე 3 მილიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. აკრძალულია რაიმე დამატებითი სამარჯვების გამოყენება (ფარფლები და სხვა).
სპორტსმენები სტარტს თავთხელიდან იღებენ. მარშრუტი მონიშნულია ერთმანეთისგან 50 მეტრით დაშორებული ტივტივებით. თუ წყლის ტემპერატურა დასაშვებ ნორმაზე დაბალია, შეჯიბრება არ ჩატარდება. ლიდერისგან 25 მეტრით წინ მიცურავს ნავი, რომელიც შეჯიბრების მონაწილეებს მოძრაობის მიმართულებას უჩვენებს. საკმარისია სპორტსმენმა ხელი ასწიოს, რომ მაშინვე დახმარებას გაუწევენ.
ველორბოლა იწყება მაშინვე, როგორც კი ცურვის ეტაპი დამთავრდება. ტრიათლონის ველოსიპედი შემსუბუქებული მოდელისაა და დურალუმინის ბორბლები აქვს. ველომრბოლისთვის სავალდებულოა ჩაფხუტი, რომელსაც მისი პირადი ნომერი უნდა ეწეროს.
რბენა შეჯიბრების ბოლო ეტაპია. მისი ფინიში ერთდროულად მთელი რბოლის ფინიშიც არის.
ოლიმპიური ორტომეული
(საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო ენციკლოპედიური გამოცემა; 2019 წელი)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო