სპორტის ისტორიკოსთა ნაწილი გოლფის წინამორბედად მიიჩნევს რომის იმპერიის დროინდელ თამაშს - პაგანიკას, სხვების მოსაზრებით კი გოლფის წინამორბედი შეიძლებოდა ყოფილიყო 960-1280 წლებში ჩინეთში გავრცელებული თამაში ჩუივანი. გოლფის მსგავსი თამაში ასახულია აგრეთვე შუა საუკუნეების ნიდერლანდურ ფერწერაშიც.
თანამედროვე გოლფის დაბადების ადგილად მიჩნეულია XVI საუკუნის შოტლანდია. 1744 წელს სწორედ შოტლანდიაში შეიმუშავეს გოლფის პირველი წესები, იქ დაარსდა პირველი გოლფ-კლუბი, ხოლო 1764 წლიდან შემოიღეს შემდგომში მსოფლიო სტანდარტად ქცეული 18 ფოსოს სათამაშო სისტემა. მოგვიანებით, გოლფი გავრცელდა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და სხვა კონტინენტებზეც.
1901 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა პროფესიონალ მეგოლფეთა პირველი ასოციაცია. უმთავრეს ასპარეზობებს განეკუთვნება ვაჟთა „მეიჯორის“ სერიის 4 ტურნირი, რომელიც წლის განმავლობაში ეწყობა.
გოლფი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი იყო პარიზის 1900 წლის და სენტ ლუისის 1904 წლის თამაშებზე, მაგრამ მას შემდეგ ოლიმპიურ მოძრაობას დიდი ხნით ჩამოსცილდა.
2009 წელს გამართულ სოკ-ის 121-ე სესიამ გოლფს ოლიმპიური სახეობის სტატუსი დაუბრუნა და 2016 წლის რიოს თამაშების პროგრამაში ჩართო.
გოლფი ოლიმპიური პროგრამის ნაწილი იქნება 2020 წლის ტოკიოს, 2024 წლის პარიზისა და 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადებზეც.
გოლფი საქართველოში
საქართველოში გოლფის პოპულარიზაციისთვის პირველი ნაბიჯები 1990-იან წლებში გადაიდგა, მოეწყო რამდენიმე საშუალო კლასის მოედანი, თუმცა ეპიზოდურ მცდელობებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.
2007 წლიდან გოლფის განვითარებისთვის ზრუნავს საქართველოს გოლფის ფედერაცია.
2017 წელს, თბილისთან ახლოს, შავნაბადას მთის მიმდებარედ გაიხსნა გოლფის პირველი თანამედროვე, პრემიუმკლასის მოედანი და კლუბი „თბილისი ჰილსი“, რომელიც რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა განლაგებული.
2019 წლის მაისში სწორედ იქ ჩატარდა პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში, რომელიც სანდრო ილაშვილმა მოიგო. მოგვიანებით იქვე გაიმართა ქალთა ჩემპიონატი და საქართველოს ღია პირველობა.
ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეიქმნა საქართველოს ნაკრები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობს.
გოლფის წესები
ბუნებრივად დასერილ სივრცეში რამდენიმე ჰექტარზე გაშლილი გოლფის მოედანი მოიცავს ტყის კორომს, მდელოს და წყალსატევს.
გოლფს თამაშობენ სხვადასხვა სიშორის, სიძლიერისა და ტრაექტორიის დარტყმისთვის განკუთვნილი 14 კავჩოგნით.
წინასწარ მონიშნული მარშრუტის, ეგრეთ წოდებული გოლფის გზის გასწვრივ მიწაში ამოჭრილია 11სმ დიამეტრის ფოსოები. მოთამაშემ 4,3სმ დიამეტრის პლასტიკის ბურთი სათითაოდ და რიგრიგობით ყველა ფოსოში უნდა ჩააგდოს და ამის გაკეთება რაც შეიძლება ნაკლები დარტყმით მოახერხოს.
ოლიმპიურ თამაშებზე იმართება 4-რაუნდიანი 4-დღიანი ტურნირი. თითოეულ რაუნდში ასაღებია 18 ფოსო, ჯამში კი 72 ფოსო.
გოლფის ყოველი მოედნისთვის და ცალკეული ფოსოსთვის წინასწარ დგინდება დარტყმების ოპტიმალური რაოდენობა, ანუ ნორმა. შეჯიბრის საბოლოო შედეგი სწორედ ამ ნორმის დაცვაზე და იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ნაკლები დარტყმა დასჭირდება მოთამაშეს გოლფის გზის გასავლელად.
გოლფი სპორტის ერთადერთი ოლიმპიური სახეობაა, რომელსაც მსაჯი არ ჰყავს.
ოლიმპიური ორტომეული
(საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო ენციკლოპედიური გამოცემა; 2019 წელი)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო