ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი და თეა წულუკიანი ბორდოში გამართულ საფრანგეთის და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩს დაესწრნენ

სალომე ზურაბიშვილი და თეა წულუკიანი ბორდოში გამართულ საფრანგეთის და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ბორდოში საფრანგეთისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩს დაესწრნენ, ქართველ მორაგბეებს უგულშემატკივრეს და მონაწილეობა მიიღეს მატჩის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გამართულ საზეიმო ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა და სპეციალური ჯილდოები გადასცა მორაგბეებს დიმიტრი და გრეგორი იაშვილებს.

თეა წულუკიანმა სპეციალური საჩუქარი გადასცა საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, კლოდ სორელს. ასევე ღონისძიებაზე რაგბის კავშირისგან სპეციალურ პრიზი გადაეცა ქართული რაგბის ლეგენდას მამუკა გორგოძეს. მატჩს საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტიც ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს გამართული მატჩი, რომელიც საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა (41:15), გახლავთ მეორე ქართული რაგბის ისტორიაში, როდესაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ გრანდს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველო და საფრანგეთი ერთმანეთს პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე მარსელში დაუპირისპირდნენ და ეს შეხვედრა მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. ბორდოში გამართული შეხვედრა კი ექვსი ერის მიერ ორგანიზებული „შემოდგომის ერთა სერიების“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ფრანგულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ რაგბს და მის წარმატებებს საფრანგეთთან პირდაპირი კავშირი აქვს. ქართული რაგბის წინსვლის მესაჭე სწორედ ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი აღმოჩნდა, რომელმაც ქართველ ლეგიონერებს საფრანგეთში უმაღლესი დონის კლუბებში გაუხსნა გზა და ამით ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხიც ამაღლდა. შედეგად, ავსტრალიაში გამართულ 2003 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ სწორედ კლოდ სორელის ხელმძღვანელობით მოიპოვა პირველი საგზური და მას შემდეგ მსოფლიო თასის უცვლელ მონაწილედ იქცა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო