ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თენგიზ გაჩეჩილაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებულ სპორტულ ჟურნალისტს, ქართული სპორტის მემატიანეს - თენგიზ გაჩეჩილაძეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტის დარგში სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

თენგიზ გაჩეჩილაძე 1958 წლიდან ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. 30 წლის მანძილზე გახლდათ სპორტული გაზეთის - „ლელოს“ მთავარი რედაქტორი, არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკო ნიკოლაძისა და მიხეილ კაკაბაძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და სეოკის (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) მედლის კავალერი, საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი, არაერთი წიგნისა და გამოცემის ავტორი.

თენგიზ გაჩეჩილაძე ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც აკრედიტირებული იყო ზაფხულისა და ზამთრის 14 ოლიმპიურ თამაშებზე, რაც უნიკალური და სარეკორდო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ თენგიზ გაჩეჩილაძე 1994 წელს ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს პირველი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი გახლდათ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონ თენგიზს დაბადების დღეს და სპორტის რაინდის წოდებას, უსურვებს მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო