ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: მიშველიძემ 3 ოქრო მოიგო!

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ბელარუსის ქალაქ გროდნოში გამართულ ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირზე (Alexander Cup 2019) 2 სპორტსმენით გაემგზავრა, მაგრამ ფიცარნაგზე მხოლოდ ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე გავიდა. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს, ის განაცხადში იყო, მაგრამ მცირე ტრავმის გამო შეჯიბრებაში არ ჩაბმულა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრ კურლოვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში 18 ქვეყნის 60-ზე მეტი ძალოსანი მონაწილეობდა. 61კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მიშველიძემ ატაცში (123კგ), აკვრაში (143 კგ) და ორჭიდის ჯამში (266კგ) ოქროს მედლები მოიპოვა და სალიცენზიო ქულებიც გამოიმუშავა.

ძალოსნობის საერთაშორის ფედერაციის (IWF) წესებით, ოლიმპიურ თამაშებამდე ძალოსანმა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ორ-ორჯერ უნდა იასპარეზოს, ორჯერ კი სალიცენზიო ტურნირზე.

ლაშა ტალახაძემ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ზედიზედ მოიგო და მძიმე წონაში უპირობო ლიდერია, შესაბამისად, ტოკიოს საგზური ფაქტობრივად განაღდებული აქვს. მიშველიძის შემთხვევაში სხვა ვითარებაა, ამიტომ ქულების დანაკლისი სალიცენზიო ტურნირებზე უნდა შეავსოს.

საქართველოს ნაკრები საოლიმპიადო სალიცენზიო ტურნირზე 14-17 ნოემბერს თურქეთის გაზიანთეფშიც წარდგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი სპორტსმენებით, მწვრთნელებს ეს ჯერ არ გადაუწყვეტიათ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო