ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მილტონ ჰეიგი: საქართველო ჩვენი სახლი იყო


World Rugby-მ ბორჯღალოსნების ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებს, სტატია მიუძღვნა.

მწვრთნელისთვის, რომელმაც თავის ცხოვრების 8 წელიწადი ბორჯღალოსნებს მიუძღვნა, უსიამოვნო მომენტი დგება. მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად იაპონიაში გადადის, სადაც ახალი გამოწვევები ელოდება.

მსოფლიო თასის პირველ მატჩში, უელსთან განცდილი მარცხის მეორე დღეს, ჰეიგი ჯერ კიდევ სრულადაა კონცენტრირებული საქართველოს ნაკრების თამაშზე, რომლის მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო დღეებს ატარებს. მისი მიზანი D ჯგუფში ორი თამაშის მოგებაა, რათა 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატური კვალიფიკაცია მიიღოს.

ოთხი წლის შემდეგ საქართველოს საფრანგეთში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, რადგან მსოფლიო თასის შემდეგ მილტონ ჰეიგი იაპონიის ტოპ-ლიგის კლუბ სანტორი სანგოლაიტს ჩაიბარებს.

ახალზელანდიელმა მეუღლე ანჟელიკთან და ორ გოგონასთან - მოლი და ლილისთან ერთად, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ ქართულად, საქართველოში 8 წელი გაატარა.

„საქართველო ჩვენი სახლი იყო და გადასვლის პროცესი რთული იქნება. მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს და მწამს, ჩემი დრო მოვიდა. ვფიქრობ, ქართველ მორაგბეებს ახლა სხვა მწვრთნელი სჭირდებათ“, - ამბობს ჰეიგი, რომელმაც ბორჯღალოსნები მებრძოლი გუნდიდან კონკურენტუნარიან გუნდად აქცია.
2015 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლების მოპოვების შემდეგ, ის ტკბებოდა ტონგასთან ცნობილი გამარჯვებით, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ჰეიგის თქმით, 14 წლის განმავლობაში გამომცემლობით ბიზნესსა და კორპორატიულ სამყაროში მუშაობა, იმ ფილოსოფიის შემუშავებაში დაეხმარა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერაში იყენებს: „ადრეულ ასაკში ჩემმა ყოფილმა მენეჯერმა მასწავლა, რომ მნიშვნელოვანია ის მემკვიდრეობა, რომელსაც თქვენს შემდეგ დატოვებთ და არა ის, რას აკათებთ ამჟამად. საქართველოს ნაკრებიდან კმაყოფილების შეგრძნებით მივდივარ, რადგან ყველაფერი გავიღე იმისათვის, რომ ეს ბიჭები უკეთესი გამხდარიყვნენ. თავი სრულად დავუთმე სამსახურს. ჩემი ოჯახი სრულად შეერწყა ქართულ კულტურას და ჩვენ ამ საზოგადოების ნაწილი გავხდით“.

ჰეიგმა 2017 წელს იაპონურ კლუბ ქენონ იგლსისგან ხელსაყრელი წინადადება მიიღო და ბორჯღალოსნების დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადააფიქრებინა.

მისმა მეგობარმა, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაცვის უფროსია, ჰეიგს სთხოვა, რომ მათთან მისულიყო და რაგბზე შეყვარებულ 170 თანამშრომელს გასაუბრებოდა: „ისინი გამუდმებით მადლობებს მიხდიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემ სამუშაოს შესანიშნავად ვასრულებ. ისინი ამბობდნენ: „ჩვენ ვხედავთ როგორ უდგებით საქმეს. ეს თქვენთვის უბრალოდ სამუშაო არ არის. თქვენი ოჯახი აქაა და საქართველოს სახლად თვლით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ ქართველი ხართ. მაშინ მივხვდი, რომ თუ მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე გუნდს დავტოვებდი, ვერ შევასრულებდი ჩემს საქმეს და ბევრ ადამიანს დავაღალატებდი. ამის გაკეთება არ მინდოდა. როდესაც ამ შეხვედრიდან წამოვედით, ჩემმა ცოლმა მითხრა: არსადაც არ მივდივართ, ჩვენ ვრჩებით! და სულის სიღრმეში მეც ვიცოდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“.

მას შემდეგ ორი წელიწადი გავიდა და ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯოუნსთან მეგობრობამ ჰეიგი სხვა იაპონური კლუბის წინადადებასთან მიიყვანა, რასაც ახალზელანდიელი ამჯერად დათანხმდა: „ედისთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის დამიკავშირდა და მითხრა, რომ სანტორისგან საინტერესო წინადადება იყო. იაპონიაში მუშაობა ყოველთვის მინდოდა და ეს ჩემი მეორე შანსი იყო“.

სამშობლოსთან შედარებით ახლოს ყოფნა, სადაც დედა და ნათესავები ცხოვრობენ, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი იყო. ასევე, ეს იყო შესაძლებლობა მისი გოგონებისთვის, გაცნობოდნენ ახალ კულტურას. ისინი უკვე ცხოვრობენ და სწავლობენ ტოკიოს საერთაშორისო სკოლაში.

ჰეიგს სანტორისთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მან ივნისში კლუბთან ერთად უკვე გაატარა ერთი კვირა: „მსურდა საკუთარი თვალით მეხილა როგორ მუშაობს კლუბი, გავცნობოდი პერსონალს, რადგან მსოფლიო თასის დასრულებიდან ორ თვეში, იაპონიის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ორი თვეა. მათ ვუთხარი რა უნდა გაეკეთებინათ, სანამ შევუერთდები და ეს ყველაფერი უკვე სრულდება. სანტორის რამდენიმე მწვრთნელი თბილისში იყო ჩამოსული, რათა ენახათ როგორ ვმუშაობთ“.

მილტონ ჰეიგმა არ იცის, თუ ვინ შეცვლის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა შესაბამის კანდიდატურას მიიზიდავს.

იაპონიაში ჰეიგი მოუთმენლად ელოდება გოლფის თამაშს, თუმცა ოჯახი მის პრიორიტეტად რჩება: „ჩვენ მხოლოდ ცოლ-ქმარი კი არა, საუკეთესო მეგობრებიც ვართ. ანჟელიკი და ორი ქალიშვილი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ამის შემდეგ უმნიშვნელოვანესია გუნდი. რაც შეეხება საქართველოს, კიდევ ერთი კარგი მსოფლიო თასი უნდა ჩავატაროთ, რათა ქართული რაგბი წინ წავწიოთ“.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრას კვირას, 29 სექტემბერს, ურუგვაისთან გამართავს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო