ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბექა ბუჯიაშვილი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ბულგარეთის ქალაქმა რუსემ „დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის“ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირზე საქართველო მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებით იყო წარმოდგენილი. გიორგი იანტბელიძემ ნაკრებში 10 მოჭიდავეს უხმო. მათგან სამმა შეძლო მედლის მოპოვება - ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) ოქროს, ირაკლი მწითური (92 კგ) ვერცხლის, ხოლო ნიკა კენჭაძე (79 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბექა ბუჯიაშვილმა ფინალში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, თურქი სულეიმან ატლი 6:3 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა ირაკლი მწითური. ქართველმა ფალავანმა რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ ყურბანოვთან წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ნიკა კენჭაძემ თურქ მუჰამეტ ნური კოტანოღლუს სძლია. 125 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გავიდა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, თუმცა ხელის ტრავმის გამო ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა და მედლის გარეშე დარჩა. 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო