საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგიის ნაკრები სტუმრად, 46:6 დაამარცხა. ბრიუსელში გამართული შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ სრული უპირატესობით წარიმართა. მილტონ ჰეიგის მორაგბეებმა პირველი ლელო მე-11 წუთზე დადეს. თავი გურამ გოგიჩაშვილმა გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს ლელო პირველი სანაკრებო გამოდგა.
პირველ ტაიმში, სტუმრებმა კიდევ სამჯერ შეძლეს ბელგიელთა ჩათვლის მოედანში შეღწევა. გიორგი ნემსაძის, გიორგი ცუცქირიძისა და მირიან მოდებაძის მიერ გატანილი ლელოებით „ბორჯღალოსნები“ 22:0 დაწინაურდნენ. 4 ლელოდან, სოსო მათიაშვილმა მხოლოდ ერთი გარდასახა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა გაიბრძოლეს და ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად შეასრულეს. პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 22:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველი ქულები ბელგიელებმა მოიპოვეს. ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა შემცირდა - 6:22. 63-ე წუთზე სტუმრებმა მე-5 ლელო გაიტანეს. თედო აბჟანდაძის ლამაზი გადაცემით ზურაბ ძნელაძემ ისარგებლა და ნაკრებში სადებიუტო ლელო დადო. გარდასახვა ზუსტად გელა აფრასიძემ შეასრულა და საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დააწინაურა 29:6.
მეორე ტაიმში, „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ სამჯერ აიღეს მეტოქის ჩათვლის მოედანი. 66-წუთზე დუბლი გიორგი ცუცქირიძემ შეასრულა, რასაც გელა აფრასიძისა და გიორგი თხილაიშვილის ლელოები მოჰყვა. აფრასიძემ სამი ლელოდან მხოლოდ თხილაიშვილის ლელო გარდასახა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 46:6 დაამარცხა ბელგია და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 13 ქულას მოუყარა თავი. მომდევნო მატჩს, ჩვენი გუნდი 10 მარტს ქუთაისში გამართავს. „აია არენაზე“, ქართველი მორაგბეები გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო