საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს ახალი სპონსორი ჰყავს. „ეროვნული ლიგისა“ და „ეროვნული ლიგა 2“-ის ოფიციალური წარმდგენი დღეიდან კომპანია „კრისტალბეთი“ იქნება. მემორანდუმი სასტუმრო „ბილტმორში“ გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო დღეიდან, ჩემპიონატის პირველ და მეორე ლიგებს შესაბამისად „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“ ეწოდება.
„კრისტალბეთის“ მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო სეზონიდან ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა სიახლე ელოდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პოპულარიზაციისთვის, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროექტი, მატჩების ტრანსლაცია „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ინტერნეტ პლატფორმაზე კვლავ გაგრძელდება, პარალელურად კი მატჩების ნახვის შესაძლებლობა გულშემატკივარს საცდელი მაუწყებლობის რეჟიმში, საკაბელო ტელევიზიის „O2“ საშუალებით ექნება. ყოველი ტურის ცენტრალური მატჩის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ იქნება შესაძლებელი.
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 2019 წლის სეზონი დღეს გაიხსნება. პირველი ტურის პირველ მატჩში, მოქმედი ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ „მიხეილ მესხის სტადიონზე“ ბათუმის „დინამოს უმასპინძლებს“. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ უზრუნველყოფს. რაც შეეხება „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ს, ის სტარტს 2 მარტს აიღებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო