რიგა პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირზე პირველად იასპარეზა საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა ფილიპინების ნაკრებთან გამართა და მეტოქეს ანგარიშით 96:94 სძლია, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ 2 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს, რაც ნახევარფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩვენი ნაკრები ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ ლატვიის ნაკრებთან პირველი მატჩი ანგარიშით 55:83 დათმო, ფილიპინების ნაკრებმა კი ლატვიას 89:80 სძლია, რის გამოც საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალში ასპარეზობისთვის ფილიპინელებთან 19-ქულიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა.
საქართველო-ფილიპინების მატჩს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე ესწრებოდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე A ჯგუფში ასპარეზობდა. ლატვიის გარდა, ექვსგუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები იმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადასვლის შედეგად მოიპოვა. პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები გახდებოდა პირველი გუნდი, რომელიც ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას სათამაშო გუნდურ სახეობებში დაიცავდა.
5.07.2024
ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე/Lasha Orjonikidze
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო