რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 97 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა გივი მაჭარაშვილმა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი მოჭიდავე მაგომედხან მაგომედოვი ანგარიშით 7:1 დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრამდე გივი მაჭარაშვილმა ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს, ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ალიაკსანდარ ჰუშტინსა და თურქ იბრაჰიმ ჩიფჩის სძლია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღეს ოქროს, ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა. ვერცხლი გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ედემი ბოლქვაძემ(65 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.
ავტორი: ბადრი კობიაშვილი/Badri Kobiashvili
17.02.2024
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო