სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქართული სპორტის მუზეუმის მოსაწყობად შესაბამისი სივრცე გამოიყო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპორტის მუზეუმს, რომელსაც საკუთარი შენობა არასოდეს ჰქონია, დიღომში, ოლიმპიური აუზის ტერიტორიაზე გადაეცა 900 კვ.მ. ფართი, სადაც დაიწყება ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, დღეს, საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მოცემული ფართი წარუდგინა. ბრიფინგს ესწრებოდნენ სპორტის მუზეუმის დირექტორი, ცნობილი ქართველი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე და შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორი გერონტი ცინდელიანი.
მინისტრის თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქართული სპორტის მუზეუმს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი შპს „სპორტმშენსერვისისგან“ უსასყიდლოდ გადაეცა 900 კვ.მ. ფართი, რომელიც მოიცავს საექსპოზიციო სივრცეს, საცავს და სათანადო სამუშაო სივრცეს მუზეუმის თანამშრომლებისთვის. სპორტის მინისტრმა ამისათვის მადლობა გადაუხადა „სპორტმშენსერვისის“ ახალ დირექტორს, გერონტი ცინდელიანს.
სპორტის მუზეუმი 2018 წელს შეუერთდა ეროვნულ მუზეუმს, რის შემდეგაც, მისი ექსპონატები ყუთებშია მოთავსებული. მანამდე კი, სპორტის მუზეუმი სპორტის სამინისტროს შესასვლელში, დაახლოებით 50 კვ.მ. სივრცეს იკავებდა.
„მართალია, სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებით, ექსპონატებს მზრუნველობა არ მოჰკლებია, მაგრამ სპორტის მუზეუმი დღემდე პრაქტიკულად მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ვინაიდან მისი ექსპონატების ნახვის საშუალება დამთვალიერებელს არ აქვს. ქართული სპორტი კი იმსახურებს იმას, რომ მისი ბრწყინვალე გამარჯვებების ამსახველი თასები, ჯილდოები თუ სხვა ექსპონატები ხელმისაწვდომი იყოს როგორც დამთვალიერებლისთვის, ასევე სპორტის გულშემატკივრებისა და თავად სპორტსმენებისთვის.“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 17 სექტემბერს თეა წულუკიანი ეროვნულ მუზეუმს ეწვია და მის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებული სპორტის მუზეუმის მდგომარეობას პირადად გაეცნო. მინისტრმა მაშინვე განაცხადა, რომ სამინისტროს მიზანია სპორტის მუზეუმის აღდგენა, რისთვისაც უმთავრესია მისთვის შენობის მოძიება. ამ დროიდან სამინისტრო აქტიურად მუშაობდა სპორტის მუზეუმისთვის სათანადო ფართის მოძიებისთვის და დღეს უკვე მუზეუმს აქვს სათანადო სივრცე სპორტულ კომპლექსში, სადაც ასეულ ათასობით დედაქალაქის მაცხოვრებელი იყრის თავს და სარგებლობს ოლიმპიური საცურაო აუზის მომსახურებით. ამასთან, 2021 წლის 29 სექტემბერს ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად თეა წულუკიანმა ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და არაერთი ტიტულის და რეკორდის მფლობელი ნინო სალუქვაძე დანიშნა.
„ქალბატონ ნინოს სურს, რომ ქართული სპორტის მუზეუმი არ იყოს მხოლოდ მიღწეული წარმატებების ამსახველი ჯილდოების გამოფენა და ის ასევე მიეძღვნას ქართული სპორტის მდიდარ ისტორიას, რისთვისაც ექსპონატების შეგროვება და შემეცნებითი პროგრამების შემუშავება უნდა დაიწყოს. მას ამისათვის ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს და გვჯერა, რომ ქართული სპორტის მუზეუმი მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გახსნის კარს დამთვალიერებლისათვის.“ - განაცხადა მინისტრმა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო