21 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, საბერძნეთის ქალაქ ირაკლიონში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩი გამართა და მასპინძელთა ნაკრებთან 69:81 დამარცხდა.
ეროვნული ნაკრები ბერძნებთან დაპირისპირებას გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა - ილიას ზუროსის გუნდმა ტრავმებისა და ფიბას რეგულაციების გამო, რომელიც ევროლიგის მატჩების დროს უპირატესობას კლუბებს ანიჭებს, ორი ლიდერის გარეშე ითამაშა. ირაკლიონის „არიოკა არენაზე“ ჩვენმა ნაკრებმა თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის გარეშე იასპარეზა, არც ბექა ბურჯანაძე გვყავდა და რა გასაკვირია, რომ ქართველებს ფარისთვის ბრძოლა გაუჭირდათ, თუმცა მოხსნებში უპირატესობა მეტოქეს არ დაუთმეს - 34:33 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო კაპიტანი გიორგი შერმადინი, რომელმაც 26 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.
საბოლოოდ, ჩვენებმა შეხვედრა დათმეს საბერძნეთის ძალიან ძლიერ და გამოცდილ ნაკრებთან, რომელსაც ამ მატჩამდეც განაღდებული ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და ზუროსის ბიჭებს ასევე გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდა, თუმცა სტუმართა ძლევა მაინც შეძლო. საქართველოს კი ბერძნებთან შეხვედრამდეც პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა მსოფლიოს პირველობაზე მოხვედრის შანსი და ამ მარცხის შემდეგ ჩინეთში გამგზავრების თეორიული შანსიც დათმო.
ქართველთა ბერძენი თავკაცი ილიას ზუროსი ახალ გუნდს აშენებს, რომელმაც ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად უნდა იბრძოლოს. ბერძენი შანსს აძლევს ახალგაზრდებს, მუშაობს გუნდის უკეთ შესათამაშებლად და ცდილობს გუნდის გამოცდილ თაობას მეტნაკლებად სრულფასოვანი შემცვლელები მოუძებნოს. ობიექტურად ეს შეხვედრაც გახლდათ კიდევ ერთი ტესტი, რომელმაც ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი გამოცდილება შესძინა. ზუროსს კი გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მისცა.
ამ გუნდების თბილისური შეხვედრა დრამატული გამოდგა და ჩვენი ნაკრები გამარჯვებასთან ახლოს იყო. საპასუხო მატჩში მასპინძლებს მართლაც ყველაფერი გამოუვიდათ და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ამრიგად, 24 თებერვალს საქართველოს ნაკრები, შესარჩევის დასკვნით მატჩს თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ნაკრებთან გამართავს. ესტონეთის ნაკრები ჯგუფის უსუსტესი გუნდია, მაგრამ სერბეთის მოულოდნელი ძლევით (71:70) საკუთარი ძალების რწმენა მოემატა და წესით ჩვენებს იოლი მატჩი არ ელოდებათ. ამის მიუხედავად, ცხადია ზუროსი ამ მატჩსაც გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებს და ნაკრების ახალბედა მოთამაშეებს სხვა მატჩებთან შედარებით უფრო მეტ დროსაც დაუთმობს.
თბილისური შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო