თეა წულუკიანი: „ახალგაზრდული ბანაკები განსაკუთრებული მზრუნველობის საგანი გახდება“
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან გადმოგვეცა ახალგაზრდობის სააგენტო, რომლის როლიც საჭიროებს სერიოზულ გადააზრებას. ეს პროცესი დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე, რათა მუდმივად არ იყოს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სააგენტო ახალგაზრდობის ერთ კონკრეტულ ჯგუფს ემსახურება და მისთვის გადაცემულ 4 მილიონ ლარზე მეტს და დონორების გრანტებს ხარჯავს არცთუ ისე შედეგიანად იმიტომ, რომ ბევრ ახალგაზრდას ვნახავთ საქართველოში, რომელმაც საერთოდ არც კი იცის ასეთი სააგენტოწ არსებობის შესახებ.
აქვე შევეხები ახალგაზრდული ბანაკების თემას, რათა აღარ მოვისმინოთ საუბარი იმაზე, რომ საზაფხულო ბანაკები მიტოვებულია. მე გახლდით ამ ბანაკებში და შემიძლია გითხრათ, რომ თუ არა ის ხალხი, ვინც დარაჯობს ამ ბანაკებს, იქ სიცოცხლის ნიშანწყალს ვერ ნახავთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი გეგმა, რომლის განხორციელების დაწყებასაც სამინისტრო აპირებს მიმდინარე წლის დეკემბერში. ამასთან, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრომ გადაამუშავა ის სტრატეგია, რომელიც უნდა დამტკიცდეს ახალგაზრდობის დარგში.
„დაგვხვდა პროექტი, რომელიც უნდა დავამტკიცოთ. საუბარია ამ ბანაკებში ყოფნის სტანდარტზე იმიტომ, რომ როდესაც არაერთი ახალგაზრდა, მით უმეტეს არასრულწლოვანი თავს იყრის საზაფხულო და საგაზაფხულო ბანაკში, იქ რა თქმა უნდა, პროცესი ვერ იქნება მიშვებული თავისუფალ დინებაზე და სამედიცინო და სხვა სტანდარტები უნდა იყოს დაცული. დასამტკიცებელი გვაქვს მოხალისეობის სტანდარტი და მინდა გითხრათ, რომ იმ ბიუჯეტიდან, რომელიც არ არის უსასრულო, ჩვენ ვთქვით, რომ ახალგაზრდობის სეგმენტში პრიორიტეტად ვაქცევთ 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდებს“, - განაცხადა მინისტრმა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო