ბაკურიანს ინსპექტირების მიზნით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები სტუმრობენ
ბაკურიანი 2023 წელს სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებამდე საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან არაერთი ვალდებულება აიღო, რომელსაც ეტაპობრივად ასრულებს.
2023 წლამდე საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ჩაატაროს სატესტო ღონისძიებები. სწორედ ამიტომ, 2022 წელს ბაკურიანში გაიმართება ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სხვადასხვა დისციპლინებში - სლოუფ სთაილში, სნოუბორდსა და თხილამურებში, ასევე პარალელურ სნოუბორდში. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. ამასთან, სამინისტროს ხელმძღვანელობა ინტენსიური კომუნიკაციის და მონიტორინგის რეჟიმში მუშაობს ბაკურიანი 2023-ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან და გადაწყვეტილებებს მათთან ერთად იღებს.
საშეჯიბრო ტრასის ინსპექტირების მიზნით 11-12 ნოემბერს ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, ინსპექციის საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის კომპანია Infront-ის და ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები OnCourse და Schneestern-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ინსპექციაზე საორგანიზაციო მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორიც არის: ინფრასტრუქტურა, შეჯიბრის სტარტისა და ფინიშის სივრცეების ორგანიზება და სხვა საკვანძო საკითხები.
„მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მუშაობით საუკეთესო შედეგს მივიღებთ და 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ“ - განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშეჯიბრო დირექტორმა - რობერტო მორესიმ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო