რაგბის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში რაგბის სტადიონზე გამოჩენილ რაგბისტებს შეხვდნენ. ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს გაწეული შრომისა და მიღწეული წარმატებებისთვის და მთავრობის სახელით გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ რაგბის კავშირის პრეზიდენტის ინიციატივას ქვეყანაში რაგბის ახალი მოედნების მოწყობასთან დაკავშირებით.
„ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქართული რაგბის განვითარებისთვის დღემდე ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა და მსოფლიო სტანდარტების სარაგბო ბაზები და მოედნები მოეწყო, რამაც საქართველოს რაგბის ნაკრებს შეუქცევადი განვითარების საშუალება მისცა და მსოფლიოს სარაგბო ელიტის ნაწილად აქცია.
დღეს ჩვენ, საქართველოს მთავრობის სახელით დადებითად გამოვეპასუხეთ რაგბის კვაშირის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს საქართელოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას და ასევე ისეთი ინფრასტრუქტურის არსებობას დაბებში, სოფლებსა და ქალაქებში ჩვენი ახალგაზრდობისთვის, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფინანსურადაც ხელმისაწვდომია.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში წელს ისტორიული შედეგი მივიღეთ ოლიმპიურ თამაშებზე. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ვინც არ არის პროფესიულ სპორტში ჩართული, იყოს სპორტით დაკავებული და ეს იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გავაცხადეთ მთავრობის ნება, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და ასევე მოვუწოდეთ კერძო სექტორს და საერთაშორისო ფედერაციას მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
">