თეა წულუკიანმა გიგა ჭიკაძეს UFC-ში მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში მიიღო შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი გიგა ჭიკაძე და მას UFC - ში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატება პირადად მიულოცა.
მინისტრმა შერეული საბრძოლო ხელოვნების სფეროში არსებულ ვითარებაზე პირადად ქართველი მებრძოლისგან მიიღო ინფორმაცია და სპორტის ამ სახეობის საქართველოში განვითარებისთვის მხარდაჭერის სურვილი და მზაობა გამოხატა.
შეგახსენებთ, გიგა ჭიკაძე კიკბოქსინგში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლია, რომელიც ამჟამად იბრძვის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ქამრისთვის. ჩატარებული 44 შეხვედრიდან კარიერაში მოგებული აქვს 38 შეხვედრა (22 ნოკაუტით). იგი ასევე, გახლავთ ევროპის ჩემპიონი ტაილანდურ კრივში და ორგზის ევროპის და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში.
ქართველმა მებრძოლმა მიმდინარე წლის 29 აგვისტოს UFC-ში (წესების გარეშე ბრძოლების ტურნირი) მეშვიდე ბრძოლა გამართა, სადაც ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო