თეა წულუკიანი ცნობილ ქართველ მკლავჭიდელებს შეხვდა და წარმატებები მიულოცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ცნობილ ქართველ მკლავჭიდელებს, ლევან საგინაშვილსა და ირაკლი ზირაქაშვილს შეხვდა.
მინისტრმა მკლავჭიდელებს სპორტული წარმატებები მიულოცა, საქართველოში მკლავჭიდის სფეროში არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებზე ესაუბრა და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.
შეგახსენებთ, ლევან საგინაშვილი არის შვიდგზის მსოფლიოს და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში, ამჟამად ასპარეზობს „PAL“ (Professional Armwrestling League) ფედერაციის სახელით. საგინაშვილი ტურნირის “ტოპ 8 მკლავჭიდელი” ჩემპიონი 2019 წელს გახდა, როდესაც ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა. სპორტსმენი წელს უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტურნირში. ამჯერად, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს საგინაშვილმა ამერიკელი მეტოქე, დეივ ჩაფი, 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა. რაც შეეხება ირაკლი ზირაქაშვილს, მან ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილება. 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრი პირველად გაიმართა და ზირაქაშვილმა ამერიკელი დევიდ მოსიე დაამარცხა. სპორტსმენი ნოემბერში 1/4 ფინალურ ბრძოლას გამართავს. ირაკლი ზირაქაშვილი არის მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი მკლავჭიდში და ასევე „PAL“ ფედერაციის სახელით ასპარეზობს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპორტსმენებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრები გრძელდება და მინისტრი სპორტის თითოეულ სახეობაში არსებული სიტუაციის შესახებ უშუალოდ სპორტსმენებისა და სპორტული ორგანიზაციებისგან იღებს ინფორმაციას.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო