საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კალათბურთელის, თბილისის "დინამოს" წევრის, ამ ლეგენდარულ კლუბში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონის, ვაჟა გვანცელაძის გარდაცვალების გამო.
ვაჟა გვანცელაძე "დინამოში" 10 წელი თამაშობდა ლეგენდარული კალათბურთელების გვერდით და 1950, 1953 და 1955 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა.
ბრწყინვალე საკალათბურთო კარიერის შემდეგ მან მედიცინის სფეროში გადაინაცვლა, სადაც მნიშვნელოვანი მეცნიერული წარმატებები ჰქონდა.
ვაჟა გვანცელაძე იყო საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნებო აკადემიის აკადემიკოსი, 72 სამეცნიერო ნაშრომის, 2 სასწავლო სახელმძღვანელოსა და 1 მონოგრაფიის ავტორი. მან პირველმა გამოიკვლია ზვარეს მინერალური წყლის დადებითი სამკურნალო ეფექტი პანკრეასის გარესეკრეციულ ფუნქციაზე ქრონიკული ქოლეცისტიტითა და გასტრიტით დაავადებულ ავადმყოფებში. საბჭოთა კავშირში პირველად მან დანერგა ვიზუალური მრავლობითი გასტრობიოფსია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და ახლობლებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო