თეა წულუკიანმა ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ახალ შემადგენლობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გამართეს სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ახალარჩეულ წევრებთან.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა საბჭოს წევრებს ახალგაზრდობის თემაზე სამინისტროს ხედვა და პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში სამინისტროს ინიციატივით ძირეულად შეიცვალა ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს დებულება. ცვლილებების თანახმად, ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესში შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა - დაწესდა გენდერული ბალანსი და საბჭოს 22 წევრიდან 11 აუცილებლად უნდა იყოს გოგონა, ხოლო 11 - ვაჟი; საბჭოს წევრთა ასაკობრივი ქვედა ზღვარი 14 წლით განისაზღვრა, რათა საბჭოს და შესაბამისად, სააგენტოს მართვაში ჩართვის საშუალება მიეცეთ არასრულწლოვნებსაც; ასევე, სავალდებულო გახდა, რომ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში აუცილებლად იყვნენ წარმოდგენილები ახალგაზრდები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რათა სააგენტო პასუხობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსაც.
ცვლილებების შედეგად ახალი შემადგენლობა ისე არის დაკომპლექტებული, რომ ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს. მის შემადგენლობაში არის 11 ახალგაზრდა ქალი და 11 ვაჟი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ახალგაზრდები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ერთი არასრულწლოვანი (16 წლის) წევრი.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ხედვის თანახმად, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის ჩართულობა ახალგაზრდობის სააგენტოს მართვასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებში. მან ასევე გააცნო ახალგაზრდებს სამინისტროს გეგმები ახალგაზრდულ ბანაკებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამინისტროს სისტემის ბალანსზე ამჟამად არის ორი ახალგაზრდული ბანაკი, რომელთა აღდგენასაც გეგმავს სამინისტრო კარგი ამინდების დადგომამდე. მინისტრმა შესთავაზა საბჭოს წევრებს, რომ უახლოეს პერიოდში მასთან ერთად მოინახულონ მოცემული ბანაკები, ადგილზე გაეცნონ მათ მდგომარეობას და აქედან გამომდინარე, საბჭოს წევრების მონაწილეობით დაიგეგმოს შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები ბანაკების გასაახლებლად. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმავს ორი ალპინისტური ბანაკის აღდგენას მთამსვლელთა ფედერაციასთან ერთად, რომელთა ფარგლებშიც ახალგაზრდებს ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ.
კიდევ ერთი მიმართულება, რომლის შესახებაც მინისტრმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის პროექტების განხორციელების აუცილებლობა, რისთვისაც გარკვეული წინაპირობები უკვე არსებობს.
თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა, როგორ შეიძლება ახალგაზრდული პროექტებით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება, რა როლი უნდა ჰქონდეს მოხალისეობის ინსტიტუტს ამ პროცესში და როგორ უნდა იყოს ახალგაზრდებს შორის სოლიდარობა წახალისებული. ახალგაზრდების მიერ მომზადებულ სხვადასხვა თემატურ პრეზენტაციასთან დაკავშირებით შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია და პოზიციების შეჯერება მოხდა. ასევე შეხვედრაზე ითქვა, რომ მინისტრის მიერ მთავრობის წინაშე „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტის“ პროექტი მას შემდეგ იქნება წარდგენილი, რაც მას ახალი საბჭოს წევრები შეისწავლიან და გამოთქვამენ შენიშვნებს/მოსაზრებებს. შედგა შეთანხმება, რომ სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობასა და პოზიციების შეჯერებას საბჭო სამინისტროსგან დამოუკიდებლად გააგრძელებს და თავის მოსაზრებებს სააგენტოს გაუზიარებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო