ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროკავშირის Erasmus+ Sport პროგრამის პირველი გრანტი მოიპოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროკავშირის საგრანტო პროგრამის Erasmus+ Sport პროგრამის მიმართულებით გრანტი პირველად მოიპოვა. პროექტის სახელწოდებაა 'IntegriSport Next' და იგი კოლაბორაციული პარტნიორობის ფორმატში განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს სპორტული შეჯიბრების მანიპულაციებთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე არსებული სისტემების შეფასებას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიონალთა კვალიფიკაციის გაზრდას, რათა გაუმჯობესდეს სპორტული შეჯიბრებების გარიგებასთან დაკავშირებული საქმეების შესწავლის ეფექტურობა და ქვეყნებში არსებული რეაგირების მექანიზმები.

პროექტი, ორგანიზაცია CSSF Foundation for Sport Integrity-ის კოორდინაციით, ორ ფაზად, 2021-2022 წლებში განხორციელდება და მოიცავს გარიგებულ თამაშებსა და სპორტული შეჯირების მანიპულაციებთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს: სპორტული ფსონების რეგულირება, გარიგებული თამაშების სამართლებრივი და სპორტული რეგულირების სისტემები, ეროვნულ დონეზე კოორდინირებული ბრძოლის საფუძვლები, საგანმანათლებლო სისტემა და პრევენციის მექანიზმები. პროექტი შესაძლებლობას აძლევს პარტნიორ სახელმწიფოებს, ჩაატარონ ერთობლივი კვლევა, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გამართონ ერთობლივი შეხვედრები სამართალდამცავი ორგანოების, სპორტული ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეებისა და სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, ასევე, გაზიარებულ იქნას სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება და გაღრმავდეს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

საქართველოსთან ერთად, პროექტი განხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: ფინეთი, ესტონეთი, შვედეთი, მალტა და კვიპროსი.  ასევე, პროექტის პარტნიორები არიან: გლობალური ლატარეის მონიტორინგის სისტემა (GLMS), ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (KU Lueven) და მხარდამჭერი ორგანიზაციის სახით - პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაცია (Fédération Internationale des Footballeurs Professionnelles, Division Europe, FIFPro).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო