საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდითა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით, ბაკურიანი სათხილამურო სპორტში სკი ქროსისა და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს. საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
26-28 თებერვალს გამარჯვებულები სკი ქროსში ინდივიდუალურ და ასევე შერეულ გუნდურ შეჯიბრში გამოვლინდნენ, 3-5 მარტს კი სპორტსმენები სნოუბორდ ქროსში იასპარეზებენ.
მსგავსი დონის საერთაშორისო ტურნირს სათხილამურო სპორტში საქართველო პირველად მასპინძლობს. სკი ქროსსა და სნოუბორდ ქროსში მონაწილეობის მისაღებად ბაკურიანში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე მოთხილამურე იმყოფება. შეჯიბრი FIS-ის მიერ შემუშავებული COVID19-ის პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი და სრული დაცვით ტარდება.
ბაკურიანიდან პირდაპირი ტრანსლაცია „ევროსპორტისა“ და „სილქ უნივერსალის“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი 2000 წლიდან კომპანია „სილქნეტია“.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2023 წელს სათხილამურო ფრისტაილსა (თავისუფალი სტილით სრიალი) და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მსოფლიო თასის ეტაპი სკი ქროსში
ინდივიდუალური შეჯიბრი
ქალები
1. ფანი სმიტი (შვეიცარია)
2. სანდრა ნესლუნდი (შვედეთი)
3. მარიელ ბერგერი (საფრანგეთი)
ვაჟები
1. ფლორიან ვილმსმანი (გერმანია)
2. დეივიდ მობერგი (შვედეთი)
3. ჯარედ შმიდტი (კანადა)
შერეული გუნდური შეჯიბრი
1. ფანი სმიტი & იონას ლენჰერი (შვეიცარია)
2. კორტნი ჰოფოსი & კრის ბოსკო (კანადა)
3. სანდრა ნასლუნდი & დევიდ მობერგი (შვედეთი)
ფოტო: საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო