საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას იმ საერთაშორისო პრესტიჟულ ტურნირებზე ისაუბრა, რომლის მასპინძლობის უფლებაც საქართველომ მოიპოვა.
მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს აქვს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება და ჩვენი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მასპინძლობის მხარდაჭერას.
2022 წელს საქართველო ევრობასკეტს, 2023 წელს კი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის, რომლის ფინალური მატჩი ბათუმის ახალაშენებულ სტადიონზე შედგება. იმავე წელს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, 2025 წელს კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება, რომლის მასპინძლობის უფლება სულ ცოტა ხნის წინ მოვიპოვეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ აღიარებას!“
მინისტრის თქმით, სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც ქვეყანაში სპორტული ტურიზმის აღორძინებას შეუწყობს ხელს.
ფოტო: სულხან ნამიჭეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო