ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთი დაამარცხეს!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა. „ბორჯღალოსნებმა“ ქალაქ კლუჟში რუმინეთის ნაკრები 18:9 დაამარცხეს. „კლუჟ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში თავდაპირველად „სტეჟარი“ („მუხის ფოთლები“) დაწინაურდა. ფლორინ ვლაიკუმ 2 საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საკუთარი გუნდი 6:0 დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოს, ანგარიშში სხვაობა თედო აბჟანდაძემ ვლაიკუს მსგავსად საჯარიმო დარტყმით შეამცირა - 3:6.

შეხვედრის მეორე ნახევარში უპირატესობა „სტუმრებმა“ მოიპოვეს. 45-ე წუთზე გიორგი აფციურის ბრწყინვალე გარღვევის შედეგად, ვასილ ლობჟანიძემ ისარგებლა, რომელმაც ბურთი გურამ გოგიჩაშვილს გადააწოდა. ქართველმა ბურჯმა მარტივად შეაღწია რუმინელთა ჩათვლის მოედანში, თუმცა მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა და მასპინძელთა მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

65-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთი ლელო გაიტანეს. ნემსაძის გადაცემის შემდეგ, ცუცქირიძემ მომენტალურად გადააწოდა ბურთი ბექა გორგაძეს. გორგაძემ შესანიშნავად გაუმკლავდა მეტოქეებს და ბრწყინვალე ლელო დადო. მალევე ანგარიშში სხვაობა ფლორინ ვლაიკუმ მორიგი ზუსტი საჯარიმო დარტყმით შეამცირა - 15:9. თუმცა, მატჩის მიწურულს მასპინძლები შერკინებაში დაჯარიმდნენ და თედო აბჟანდაძემ ანგარიშში სხვაობა კვლავ ცხრამდე გაზარდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 18:9 დაამარცხა და „ანთიმოზ ივერიელის თასს“ დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ 300 წლიან ურთიერთობას მიეძღვნა.

მომდევნო მატჩს, „ბორჯღალოსნები“ თბილისში გამართავენ. 17 თებერვალს, „ავჭალის სტადიონზე“ საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

ფოტო: ლევან ვერძეული

 



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო