საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე, რომელსაც 337 დელეგატი ესწრებოდა, კომიტეტის პირველ პრეზიდენტად ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს. ვიცე-პრეზიდენტები ვიქტორ სანეევი, თენგიზ გაჩეჩილაძე და პაატა ნაცვლიშვილი გახდნენ, ხოლო გენერალურ მდივნად დავით კინწურაშვილი დაინიშნა. 2012 წლიდან, სეოკ-ს ოლიმპიური ჩემპიონი, ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს, რომელიც 2020 წლის 11 სექტემბერს მესამე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს.
1992 წლის 9 მარტს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დროებით და პირობითად აღიარა, ხოლო 1993 წლის 23 სექტემბერს, სრულუფლებიან წევრად მიიღო.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის დებიუტი 1994 წელს, ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა. სამთო მოთხილამურე ზურაბ ჯიჯიშვილი, რომელიც ამავდროულად ჩვენი დელეგაციის მედროშე იყო, გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით იასპარეზა.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის დებიუტი 1996 წელს, აშშ-ის ქალაქ ატლანტაში შედგა. პირველი, ისტორიული მედალი ძიუდოისტმა სოსო ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ისტორიული გამოდგა 2004 წლის ოლიმპიური თამაშები. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ოლიმპიადაზე, ჩვენს დელეგაციას პირველი ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა მოუპოვა. 2004 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებელი ოლიმპიური გუნდის შემადგელობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი ჰიროში იზუმი იპონით დაამარცხა და ისტორიულ ოქროს მედალს დაეუფლა.
1994 წლიდან დღემდე, საქართველოს დელეგაციამ 13 ოლიმპიურ თამაშებზე (ზამთრის - 7, ზაფხულის - 6) იასპარეზა. ქართველი სპორტსმენების მონაგარი 32 მედალია - 8 ოქრო, 7 ვერცხლი და 17 ბრინჯაო. ყველა მათგანი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეა მოპოვებული.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო