საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს აღნიშნავს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული აღინიშნება. ევროკომისიის ინიციატივას სლოგანით - #BeActive ჩვენი ქვეყანა მესამედ შეუერთდა.
თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სპეციალურად კვირეულისთვის მოწყობილ სივრცეში სპორტულმა ფედერაციებმა სპორტის სხვადასხვა სახეობა წარადგინეს. აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სივრცეში დაცული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
სპორტული სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართა. ცერემონიის შემდეგ, პროფესიონალმა სპორტსმენებმა საჩვენებელი შოუ მოაწყვეს. პარკში მოეწყო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და ანტი-დოპინგური სააგენტოს საინფორმაციო კუთხე.
სხვადასხვა აქტივობაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები ჩაერთნენ.
27 სექტემბერს, ლისის ტბაზე მოეწყო ღამის გარბენი - #BeActive Night. მარათონში პროფესიონალ მორბენლებთან ერთად მოყვარულებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. მარათონის დაწყებამდე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლურად საქართველოს რუკა გამოსახეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
ევროპის სპორტის კვირეული ევროპის მასშტაბით წელს განსხვავებული ფორმატით აღინიშნება. ევროკომისიის რეკომენდაციით, აქტივობების ნაწილმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ევროპის სპორტის კვირეულთან დაკავშირებულ სიახლეებს თვალი ადევნეთ ფეისბუქ გვერდებზე:
ევროპის სპორტის კვირეული • European Week of Sport
საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ / Sport For All
ფოტო: საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“