ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფიდერით სპორტულ თევზჭერაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გაიმართა

19-20 სექტემბერს, საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ეროვნული ჩემპიონატის დასკვნით, IV ეტაპს ფიდერით სპორტულ თევზჭერაში სიონის წყალსაცავმა უმასპინძლა. სიონის საშემოდგომო ტურნირზე, როგორც წესი, აქცენტი შამაიის ტემპში ჭერაზე კეთდება. თითო ტურში სპორტსმენი საშუალოდ 500-700-ჯერ ისვრის მონტაჟს წყალში და აქედან ნახევარი ბადეში ჩაგდებული თევზით მთავრდება.

„სიონის საშემოდგომო ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ ხსენებული შეჯიბრი ჩემპიონატის ბოლო ეტაპია, როგორც წესი ქვეყნის ჩემპიონები აქ ვლინდებიან.“ - ამბობს სფსთეფ-ის პრეზიდენტი გიგა გაბრიაძე.

ჩემპიონატის მეოთხე ტურში პირველი ადგილი პირად ჩათვლაში პირველობა დიმიტრი ჯარიაშვილმა მოიპოვა (1+1=2). მეორე ადგილზე გიგა გაბრიაძე გავიდა (1+2=3), ხოლო მესამე ადგილი ზურა მერეკლიშვილს ერგო (2+1=3).

გუნდურ ჩათვლაში 14.5 ქულით გამარჯვებული გუნდი ‘Fish Finders’ (არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშილი, ლაშა დარჩიაშვილი, არსენ იმედაშვილი) გახდა. 15 ქულით მეორე ადგილზე გუნდი ‘Smart Feeder’ (მალხაზ მახარაშვილი, გიგა გაბრიაძე, ზურა მერეკლიშვილი, ბესო ბერიძე) გავიდა. 18 ქულით მესამე ადგილზე გავიდა გუნდი ‘Only Feeders’ (მამუკა გეგეჭკორი, ლადო ზარკალიანი და ბადრი ხოსრუაშილი).

2020 წლის საქართველოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრში გუნდი ‘Fish Finders’ (არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშილი, ლაშა დარჩიაშვილი, არსენ იმედაშვილი) გახდა. პირად ჩათვლაში ჩემპიონის ტიტულს გიგა გაბრიაძე დაეუფლა. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით გამოვლინდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა. 2021 წელს, ეროვნული ნაკრების ღირსებას გიგა გაბრიაძე, დიმიტრი ჯარიაშვილი, ზურა მერეკლიშვილი, ლაშა დარჩიაშვილი, ლადო ზარკალიანი და არტურ ვართარეზოვი დაიცავენ.

 „პანდემიიდან გამომდინარე წელს საკმაოდ მძიმე წელი გვქონდა. მიუხედავად ამისა, ფედერაციამ მაინც შეძლო და წარმატებით ჩაატარა 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატი. ვულოცავ ქვეყნის ჩემპიონ გუნდს. გუნდმა ‘Fish Finders’ უნაკლო სეზონი ჩაატარა. ასევე მინდა აღვნიშნო ეროვნული ნაკრების საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი წარმატებულად იასპარეზებს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.“ - განაცხადა ფიდერის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გაბრიაძემ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უკვე მე-7 წელია ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ფედერაციის ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობს.

 

საქართველოს 2020 წლის ჩემპიონატი - საბოლოო რეიტინგი

გუნდური ჩათვლა:

1. ‘FishFinders’ (არტურ ვართარეზოვი, დიმიტრი ჯარიაშვილი, ლაშა დარჩიაშვილი)

2. ‘Smart Feeder’ (მალხაზ მახარაშვილი, გიგა გაბრიაძე, ზურა მერეკლიშვილი)

3. ‘Only Feeders’ (მამუკა გეგეჭკორი, ვლადიმერ ზარკალიანი, ბადრი ხოსრუაშვილი)

 

პირადი ჩათვლა:

1. გიგა გაბრიაძე

2. დიმიტრი ჯარიაშილი

3. ზურა მერეკლიშვილი

 

ფოტო: ლევან დვალი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო