ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 132 წელი გავიდა

ქართველი მათემატიკოსის, მეცნიერის, ტანმოვარჯიშისა და სპორტის მოღვაწის, გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 132 წელი გავიდა.

გიორგი ნიკოლაძე 1888 წლის 11 აგვისტოს (ძვ. სტ. 29 ივლისი), პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაურის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში დაიბადა.

1912 წელს, ნიკოლაძემ პრაღაში მონაწილეობა მიიღო ტანმოვარჯიშეთა და მძლეოსანთა შეჯიბრში. მთელ მსოფლიოში გავრცელდა საფოსტო ბარათი, რომელზეც აღბეჭდილია ქართველი სპორტსმენი ბადროს ტყორცნისას. 1913 წელს, ნიკოლაძემ დააარსა დონბასის სატანვარჯიშო საზოგადოება, ხოლო 1918 წელს ტანვარჯიშული საზოგადოება „შევარდენი“. 1921 წელს, ნიკოლაძის თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს შევარდენთა კავშირი, რომლის პირველი და უკანასკნელი თავმჯდომარეც თავად იყო.

1923 წელს, გიორგი ნიკოლაძემ უხელმძღვანელა პირველ ქართულ ალპინისტურ ასვლას მყინვარწვერზე. 1924 წელს დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილება. მისი ინიციატივით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში. გიორგი ნიკოლაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული სპორტული ტერმინოლოგიის შექმნაში და წარმატებულად მოღვაწეობდა მეტალურგიასა და მათემატიკაში. სადოქტორო დისერტაცია მან პარიზის უნივერსიტეტში (სორბონი) დაიცვა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო