ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საქართველოს ჩემპიონი გახდა ნინო ბაციაშვილი 7,0 ქულით, რომელიც ამ ტიტულს მესამედ დაეუფლა. მეორე და მესამე ადგილები მერი არაბიძემ (6,5) და ბელა ხოტენაშვილმა (6,5) გაინაწილეს.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირფასი და მდიდარი საჭადრაკო ტრადიციები აქვს და მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად, ჭადრაკმა შეინარჩუნა ის სულისკვეთება, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობას ყოველთვის თან ახლდა.

პანდემიის დღეებში ჭადრაკის ფედერაციამ ძალიან საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა და შემოქმედებითად გამოიყენა ონლაინ სივრცე. ეს მართლაც შესანიშნავი და მისაბაძი მაგალითი იყო სხვა ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჭადრაკის დიდი როლი ჩვენს უაღრესად მნიშვნელოვან „ტელესკოლის“ პროექტში. როდესაც პანდემიის გამო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა, ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა სასწავლო პროცესის უწყვეტობა და ამისთვის ონლაინ მეთოდები და პროექტი ტელესკოლა გამოვიყენეთ. საჭადრაკო გაკვეთილებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებაში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ჭადრაკის როლი სკოლაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჭადრაკის გაკვეთილები საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგოს. ჭადრაკი არ არის მხოლოდ სპორტი, ის ამავე დროს გახლავთ ხელოვნება, მეცნიერება და მათემატიკასთან ერთად გონების ვარჯიშის საუკეთესო საშუალება.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მოხარული ვარ, რომ საქართველოში გრძელდება ძლიერი საჭადრაკო ტრადიციები. გისურვებთ წარმატებებს.“

თბილისში, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონატში 10 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა. ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, წრიული სისტემით, 9 ტურად.

ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო დღეს – 20 ივლისს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს ჩემპიონატი ერთ-ერთი პირველი სპორტული ღონისძიებაა. საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა ფულადი ჯილდო. საპრიზო ფონდი 30 600 ლარია ( I ადგილი – 10 000 ლარი, II ადგილი – 7 000 ლარი, III ადგილი – 5 000 ლარი და ა. შ.).

ქალთა 77-ე ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია პარტნიორ კომპანიებთან ერთად, მხარდამჭერი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო