ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
რევაზ მინდორაშვილს 44 წელი შეუსრულდა

1 ივლისს, ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, რევაზ მინდორაშვილს 44 წელი შეუსრულდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს თანამედროვე ქართული სპორტის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს დაბადების დღეს და ჯანმრთელობასა და სპორტულ მხნეობას უსურვებს.

რევაზ მინდორაშვილმა ყველაზე დიდ გამარჯვებას 2008 წლის 21 აგვისტოს მიაღწია. საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მის საპატივცემულოდ პეკინში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ირაკლი ცირეკიძისა და მანუჩარ კვირკველიას შემდეგ, მინდორაშვილმა საქართველოს დელეგაციას მესამე ოქროს მედალი მოუპოვა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციისთვის დღემდე ყველაზე წარმატებულია.

რევაზ მინდორაშვილი 2003 წელს ევროპის, ხოლო 2005 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, არის მსოფლიოს ვერცხლისა (2006) და ბრინჯაოს (2003) პრიზიორი, ევროპის 2-გზის ვერცხლის (2004, 2008) და ბრინჯაოს (2002) პრიზიორი.

2012-2017 წლებში, მინდორაშვილი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი გახდა.

2018 წელს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საჭიდაო დარბაზი გახსნა, სადაც ახალგაზრდა მოჭიდავეები უფასოდ ვარჯიშობენ. რევაზ მინდორაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ღირსების ორდენისა და მედლის კავალერია. მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო