2 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე წარსდგა. შალვა გოგოლაძემ პარლამენტში სპორტის მიმართულებით ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილია, გასული წელი სპორტული შედეგების გათვალისწინებით, გამორჩეული იყო ქართული სპორტის ისტორიაში.
მინისტრის მოადგილემ პოსტკრიზისულ გეგმაზე ვრცლად ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს დეტალური განმარტებებით უპასუხა. როგორც ცნობილია, პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“.
შალვა გოგოლაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანა გახდება სპორტული ტურიზმის მიმართულებითაც. ვინაიდან მსოფლიო მასშტაბით პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ უპრეცედენტო შედეგი აჩვენა, ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების ინტერესის სფეროში მოხვდება. საქართველოს კი უკვე აქვს მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მრავალწლიანი და კარგი გამოცდილება.
„პატივცემულო დეპუტატებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ყოველთვის ვიღებთ და რომლის გარეშე ქვეყანა ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სპორტის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა და სწორედ ამის შედეგია ის საერთაშორისო აღიარება, რომლითაც ასე ვამაყობთ ყველა. აშენდა და განვითარდა სპორტული ინფრატსტრუქტურა, ვუმასპინძლეთ ათეულობით საერთაშორისო ტოპ-ტურნირს, საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო სპორტულ რუკაზე. კვლავ გრძელდება აღმშენებლობის პროცესი და უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტი - 10 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი კალათბურთის დარბაზი, რომელიც ევრო ბასკეტს უმასპინძლებს“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.
მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს ასევე გააცნო ბოლო პერიოდში სამინისტროს მიერ სპორტის მიმართულებით გატარებული სხვადასხვა ღონისძიებები. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაწეული მუშაობა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო