30 მაისს, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ევროპის ჩემპიონს, სლავა მეტრეველს 84 წელი შეუსრულდებოდა.
1960 წლის 10 ივლისს, სლავა მეტრეველი მიხეილ მესხთან, გივი ჩოხელთან და ზაურ კალოევთან ერთად ევროპის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. პარიზის „პარკ დე პრენსზე“ გამართულ ფინალურ შეხვედრაში, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა იუგოსლავია 2:1 დაამარცხა. ანგარიში სწორედ სლავა მეტრეველმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი მიხეილ მესხის ჩაწოდების შემდეგ გავიდა. მეტრეველი უეფა-მ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
სლავა მეტრეველი საბჭოთა კავშირის 2-გზის ჩემპიონი (1960, 1964) და თასის მფლობელია (1960). 1964 წელს, ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან“ ერთად იზეიმა. „ოქროს მატჩში“ „დინამომ“ მოსკოვის „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა. „დინამოელთაგან“ მე-4 გოლი სწორედ მეტრეველის ანგარიშზეა. მეტრეველი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც 3 მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა (1962, 1966, 1970) და ამავდროულად პირველი, ვინც ფიფა-ს მსოფლიო ნაკრებში ითამაშა (1968 წელს, ბრაზილიის წინააღმდეგ).
სლავა მეტრეველის სახელობისაა საქართველოს სუპერთასი ფეხბურთში და ქალაქ სოჭის ცენტრალური სტადიონი. მეტრეველი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაა აღიარებული.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო