მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო არაერთი სპორტული ღონისძიება გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა, თუმცა მოჭადრაკეებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლეს და მონაწილეობა მიიღეს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიც იასპარეზა 92 სპორტსმენმა, მათ შორის 24 იყო საერთაშორისო დიდოსტატი, ხოლო 23 საერთაშორისო ოსტატი.
შეჯიბრების მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო სპონსორი კომპანია „სოკარი“, რომელმაც ტურნირის მონაწილე მოჭადრაკეებისთვის დააწესა 30 ათას ლარიანი საპრიზო ფონდი.
ვაჟთა შორის, 13 ქულით ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ნიკა ვოლკოვი, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ 12.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. მესამე-მეოთხე ადგილები 12-12 ქულით გაინაწილეს საქართველოს ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებულებმა - გიგა ყუფარაძემ და თორნიკე სანიკიძემ.
ქალთა შორის ოქროს მედალი მერი არაბიძემ დაისაკუთრა 10.5 ქულით და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრო ნინო ხომერიკს, რომელმაც ასევე 10.5 ქულა დააგროვა. 10 ქულით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქალთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ბელა ხოტენაშვილმა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო