„დღე ლიფტის გარეშე“ განსხვავებული ფორმატით აღინიშნება
29 აპრილს, საქართველო მეორედ უერთდება სპორტისა და კულტურის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივას - „დღე ლიფტის გარეშე“. ინიციატივის მიზანია ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ დღეს ადამიანები უარს ამბობენ ლიფტისა და ესკალატორის გამოყენებაზე და სარგებლობენ კიბეებით. ცხოვრების სტილის ამგვარი ცვლილება კი დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე.
„დღე ლიფტის გარეშე“ სხვადასხვა ქვეყანაში, 2015 წლიდან აღინიშნება. წელს, საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ თარიღს განსხვავებული ფორმით აღნიშნავს. ფედერაცია საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და გლობალურ კამპანიაში ჩართვას დისტანციურად სთავაზობს. საქართველოში კამპანიის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თარიღის აღსანიშნავად, ცხადდება კონკურსი „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ კიბით“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ კრეატიული ვიდეო, თუ როგორ ვარჯიშობენ სახლში კიბის გამოყენებით ან კიბის ეფექტის შექმნით სხვადასხვა საგნის გამოყენებით.
კონკურსის მონაწილეებმა ვიდეო უნდა ატვირთონ საკუთარ Facebook გვერდზე, მონიშნონ „საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის / Sport For All“ და დაწერონ 3 აუცილებელი ჰეშთეგი:
#UseTheStairs
#NoElevatorsDay
#დარჩისახლში
კონკურსის აუცილებელი პირობაა 2 ადამიანის გამოწვევა. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში უნდა განთავსდეს 28 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით. 10 საუკეთესო ვიდეოს ავტორი შემდეგი კრიტერიუმებით გამოვლინდება: კრეატიულობა, დატვირთვის დონე და შესრულების მანერა. შერჩეული ვიდეოების ავტორები დასაჩუქრდებიან სპორტული ინვენტარით.