ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ - IJF - წონითი კატეგორიების რეიტინგის პირველადგილოსნები ფულადი პრემიით დააჯილდოვა. საერთო ჯამში IJF-მა 2018 წლის შედეგებით 220 ათასი დოლარი გასცა. ხაზგასასმელია, რომ იმ ვაჟსა და გოგონას, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულით დაასრულეს წლიური რეიტინგი, 50-50 ათასი დოლარი გადაეცათ.
პრემირებულთა შორის არიან გურამ თუშიშვილი (+100კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ). მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორმა თუშიშვილმა 2018 წელი 8012 ქულით დახურა, რაც ვაჟთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, შესაბამისად, მას 50 ათასი დოლარიც ერგო. ლიპარტელიანი თავის წონაში იყო პირველი და 10 ათასი დოლარი გადაეცა.
პრემია ვაჟთა შორის კიდევ ორ ქართველზე გაიცა: რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეზე (60კგ) და ესპანური ძიუდოს ისტორიაში პირველ მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილზე (90კგ).
ქალთა შორის 2018 წელს ყველაზე მეტი ქულა ფრანგმა კლარისე აგბენენუმ დააგროვა.
IJF-ის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა რეიტინგის ლიდერების თანხით დაჯილდოება 2016 წლიდან დაიწყო. მისმა ინიციატივამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო