საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად დამარცხდა ფინეთთან - 21:37 (12:14). პირველი თამაში თბილისში, 16 იანვარს, ფრედ დასრულდა - 24:24.
საპასუხო მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა არსენაშვილი და მაისურაძე, რის შემდეგაც დაგვრჩა ერთადერთი ხაზის მოთამაშე, მიქავა. ფინელებს გამოაკლდათ ძირითადი მეკარე მაკელა, რომლის ადგილიც კარში როსლანდერმა დაიკავა და მშვენივრადაც ითამაშა, ჩვენი დანაკარგი კი მნიშვნელოვანი გამოდგა.
კარგად დაიწყო თამაში შოთა თევზაძემ - მოიგერია პირველი ორი დარტყმა, ფინელებმა კი მის კარში დანიშნული ორივე შვიდმეტრიანი ააცილეს. ტაიმი შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ბოლო შეტევაში ბურთი დაკარგა, მასპინძლებმა კი სწრაფი გარღვევა მოაწყვეს და პირველი 30 წუთი 14:12 მოიგეს. პირველ ნახევარში თევზაძეს 7 მოგერიება დაუგროვდა, თემო ორჯონიკიძეს კი 6 გოლი.
მეორე ნახევრის საწყის 2 წუთში ცხოვრებაძემ და ჩიქოვანმა ორჯერ შეამცირეს სხვაობა თითო ბურთამდე (14:15), მაგრამ შემდეგ მიყოლებით გააძევეს კბილაშვილი, ჩიქოვანი და ორჯონიკიძე. მეტოქემ მაქსიმალურად გამოიყენა მეტობა, საქართველოს თამაში კი აქ მოიშალა - ზედიზედ გაუშვა 10 გოლი და 14 წუთის განმავლობაში ვერ გაიტანა: 14:25 46-ე წუთზე და თამაში უკვე მეორე შემადგენლობამ დაასრულა.
ერთი წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის მომდევნო, 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ისევ პირველი რაუნდიდან დაიწყებს.
ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი. 19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა. საპასუხო მატჩი (პირველი - 24:24)
ფინეთი 37:21 საქართველო
ფინეთი: როსლანდერი, ლაიტინენი - რონბერგი 8, შომანი 7, ჰელანდერი 6, ტამინენი 5, ფორსი 2, მ. გრანლუნდი 2, მარტინი 2, საკინენი 2, კილსტედტი 1, სიურიალა 1, სუნდბერგი 1, კოლიონენი, რ. გრანლუნდი, ჰელაკოსკი
საქართველო: თევზაძე, ცინცაძე - ორჯონიკიძე 7, ცხოვრებაძე 7, ჩიქოვანი 4, დიხამინჯია 2, ჭანტურია 1, რუსტამოვი, წითელიშვილი, მიქავა, კბილაშვილი, აბრამიშვილი, კალანდაძე, გოგოლაძე
მსაჯები: ფლორიან ჰოფერი, ანდრეას შმიდჰუბერი (ავს)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო