ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით წლის საუკეთესო სპორტსმენია!

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2019 წელი შეაჯამა. სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე აირჩიეს. ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ასოციაციამ ზედიზედ მეოთხედ გამოარჩია. გამოკითხვაში მეორე ადგილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული თამაშების ჩემპიონს, ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს ერგო.

წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა დააჯილდოვა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციებისა და სპორტული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება. წელს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჟურნალისტების რჩეული ქალი სპორტსმენი, ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. საუკეთესო გუნდად ძალოსნობის ეროვნული ნაკრები დასახელდა. საქართველოს ნაკრებისა და NBA-ის გუნდ „ინდიანა პეისერსის“ კალათბურთელი, გოგა ბითაძე წლის ახალგაზრდა სპორტსმენად აირჩიეს. წლის საუკეთესო მწვრთნელი კი ძალოსნობის ნაკრების დამრიგებელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე გახდა. ტრადიციულად, ასოციაციამ სპორტული ჟურნალისტებიც დააჯილდოვა.  

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო