მიუნხენში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქი გაისად, 10-19 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს.
გერმანიაში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და 20-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი შალვა ონიანი.
ვლადიმერ ბოისა უშუალოდ მონაწილეობდა წილისყრაში და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილი მიუჩინა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში მოხვდა რუსეთთან, ნორვეგიასთან, ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად.
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 22 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.
შეიქმნა 4 ჯგუფი, რომელთაგან 2 6-გუნდიანი და 2 5-გუნდიანია. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას 1/4-ფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ ამ 3 საუკეთესო ნაკრებს ერგება ევროპის ჩემპიონატის ელიტარული, A დივიზიონის საგზური.
თბილისში 10-19 ივლისს გასამართ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ სერბეთის, ლატვიისა და რუსეთის ნაკრებები. ეს იმ თაობის გუნდები არიან, რომლებმაც 2 წლის წინ, ევროპის 18-წლამდელთა A დივიზიონში ნახევარფინალში ითამაშეს. სერბეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, რომელმაც ფინალში ლატვიას მოუგო, ხოლო რუსეთი მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამარცხდა. ისე მოხდა, რომ ეს ნაკრებები წლეულს 20-წლამდელთა A დივიზიონიდან გავარდნენ და მომავალი წლის ზაფხულში თბილისში ჩამოვლენ B დივიზიონში საასპარეზოდ.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფშია რუმინეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, უკრაინასთან და ირლანდიასთან ერთად.
ამ ასაკობრივი ჩემპიონატის B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში 6-6-ად გადანაწილდა. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა 1/8-ფინალში და A დივიზიონში გადასასვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
16-წლამდელთა B დივიზიონი 13-22 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, უკრაინა, კვიპროსი, სლოვაკეთი და რუმინეთი.
16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)
ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონების ევროპირველობათა კენჭისყრაც.
საქართველოს ნაკრები 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. ორივეგან ჩვენი ნაკრები C დივიზიონშია. 16-წლამდელთა C დივიზიონს 14-19 აგვისტოს გიბრალტარი უმასპინძლებს, ჩვენი ნაკრების მეტოეები ჯგუფში იქნებიან სომხეთისა და უელსის გუნდები.
18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)
რაც შეეხებათ 18-წლამდელ გოგონებს, C დივიზიონი ანდორაში, 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში 8 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში სომხეთთან, კვიპროსთან და მალტასთან მოხვდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო