ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ოლიმპიური კომიტეტი საუკეთესო სპორტსმენს 18 დეკემბერს დაასახელებს

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიას უმასპინძლებს. ღონისძიება 16 საათზე დაიწყება.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი დელეგატებს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობს, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი კი ტოკიოს საგაისო ოლიმპიადისთვის მზადების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის სტუმრებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ელგუჯა ბერიშვილი იქნება ტოკიოში ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი.

სეოკ-ის საანგარიშო სესიის დასრულების შემდეგ გაიმართება წლის რჩეულების დაჯილდოება და წინასაახალწლო ცერემონია. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაასახელებს:
საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალს;
საუკეთესო პარასპორტსმენს;
საუკეთესო სპორტსმენს ზამთრის სახეობაში;
წლის აღმოჩენას (ოლიმპიური იმედი) - ვაჟი და გოგონა;
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენს (23-წლამდელს);
საუკეთესო მწვრთნელს;
საუკეთესო მწვრთნელს ქალთა სპორტში;
საუკეთესო სპორტულ ფედერაციას;
წლის რეგიონულ ორგანიზაციას;
ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერს;
ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდამჭერს.

ღონისძიების კულმინაცია იქნება საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა. მას სესიის დელეგატები ხმის მიცემით გამოავლენენ. მთავარ ჯილდოზე წარდგენილნი არიან წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულები: ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოკა ლუხუმ ჩხვიმიანი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო