ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
დიდი იუბილე: სულიკო თორთლაძე - 100

20 ნოემბერს ლეგენდარული ქართველი საკალათბურთო მწვრთნელის სულიკო თორთლაძის დაბადებიდან 100 წელი გადის. ამ თარიღთან დაკავშირებით გუშინ ქუთაისში საინტერესო ღონისძიებები მოეწყო.
სპორტის სასახლეში გაიმართა მატჩი 2006 და 2007 წელს დაბადებულთა შორის. ერთმანეთს ამ ასაკის ქუთაისის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება უფროსებს დარჩათ.

როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის მოთამაშეები კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვეტერანმა კალათბურთელებმა სამახსოვრო მაისურებით და სიგელებით დააჯილდოვეს. მაისურს ევრობასკეტის ლოგო და წარწერა ამშვენებდა - „სულიკო თორთლაძე 100“.

სახლში, სადაც სულიკო თორთლაძე ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა სასტუმრო ბაგრატში, სადაც მოეწყო სულიკო თორთლაძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია და ყველა მსურველმა მისი ავტორის, ზურაბ ჯავახაძის პერსონალური ხელმოწერით აღნიშნული წიგნი საჩუქრად მიიღო.

წიგნის პრეზენტაციიდან საკალათბურთო საზოგადოებამ სასტუმრო ბაგრატის სააქტო დარბაზში გადაინაცვლა და სანამ სულიკო თორთლაძის შესახებ ისტორიულ- დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართებოდა, ვეტერანმა კალათბურთელებმა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო და სახალისო ეპიზოდი გაიხსენეს წარსულიდან, რომელიც ლეგენდარულ ქუთაისელ მწვრთნელს უკავშირდებოდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო