2020 წლის სანაკრებო სეზონს საქართველო XV გახსნის. გუნდი 30-კაციანი შემადგენლობით იანვარში არგენტინას ეწვევა და ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან ორ თამაშს გამართავს.
საქართველოსა და არგენტინის რაგბის კავშირებს შორის წლებია საქმიანი, კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც სხვადასხვა დონისა თუ ასაკობრივ ნაკრებთა შორის ტესტ-მატჩები და მოსამზადებელი შეხვედრები არაერთხელ გამართულა.
ხაგუარესი არგენტნული ფრანჩიზაა, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების (პუმების) საბაზო გუნდია. იგი ემზადება ახალი სეზონისთვის, რომელიც სტარტს 31 იანვარს აიღებს და ზე-რაგბის თამაშებამდე საქართველო XV-თან შეხვედრებით გახურდება.
თამაშები 17 და 24 იანვარს გაიმართება. ორივე მატჩის მასპინძელი სტადიონები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
საქართველო XV-ის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს. საგულისხმოა, რომ წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდი მხოლოდ დიდი 10-ის მორაგბეებით არ დაკომპლექტდება და შანსს ლეგიონერებიც მიიღებენ.
გუნდი პირველ შეკრებას 23-30 დეკემბერს ქუთაისში გაივლის. საახალწლოდ მორაგბეები დაისვენებენ და 4 იანვარს მეორე შეკრებაზე, სავარაუდოდ მარტყოფის რაგბის ბაზაზე შევლენ, არგენტინაში კი 12 იანვარს გაემგზავრებიან.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო