ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფირუზ კანთელაძე - 1949-2019

ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მცველი, 70-იანი წლების დიდი თბილისის დინამოს წევრი ფირუზ კანთელაძე გუშინ, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 დეკემბერს ის 70 წლის გახდებოდა.

ფირუზ კანთელაძე 1967 წელს გამოჩნდა დინამოში და იმ გუნდის წევრი გახლდათ, რომელიც ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდად იქცა „ოქროს ბიჭებსა“ და ნოდარ ახალკაცის ჩამოყალიბებულ დიდ დინამოს შორის.

1976 წლის 3 სექტემბერს, როცა თბილისელებმა პირველად მოიგეს საბჭოთა კავშირის თასი (ქართველმა ფეხბურთელებმა ფინალში ერევნის არარატს 3:0 სძლიეს), კანთელაძემ მეორე და, ბევრის აზრით, გადამწყვეტი გოლი გაიტანა - 64-ე წუთზე, როცა დინამოელები 1:0-ს იგებდნენ, ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი. მოგვიანებით რევაზ ჩელებაძემ მესამედ დალაშქრა მეტოქის კარი...

1967 წელს, საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში, კანთელაძე ევროპის ჩემპიონი გახდა (და სსრკ სპორტის ოსტატის წოდებას მიენიჭა), დინამოსთან ერთად კი 1978 წელს საკავშირო ჩემპიონობა იზეიმა. ის პირველობის 6-გზის პრიზიორია - 1977 წელს ვერცხლს, 1969, 1971, 1972, და 1976 (ორჯერ) წლებში კი ბრინჯაოს დაეუფლა.

1976 და 1979 წლებში კანთელაძემ საკავშირო თასი აღმართა, 1979 წელს კი სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

1977 და 1978 წლებში ფირუზ კანთელაძე ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მესამე ნომრად დაასახელეს.

2013 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო