ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ბოლო წამზე გაშვებული გოლის შემდეგ წააგო - 28:29.
მასპინძელთა ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში, საქართველო კი ჯერჯერობით მხოლოდ მთავარ შესარჩევ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის. ფორმალურად გუშინდელი და დღევანდელი მატჩი სხვადასხვა რანგის გუნდების შეხვედრა იყო, რეალობაში კი მოედანზე ორი თანაბარი ნაკრები თამაშობდა.
საქართველოს ნაკრებმა დღევანდელი მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თევზაძე, აბრამიშვილი, ჩიქოვანი, კბილაშვილი, არსენაშვილი, ცხოვრებაძე, დიხამინჯია. თავიდან ნიკოლა მაქსიმოვიჩმა დაცვაში 5-1 განლაგება არჩია წინწაწეული თემო ორჯონიკიძით. ამან ერთი ხანობა გაამართლა, თუმცა, 2:3 დასაწყისის შემდეგ ჩავარდნა გვქონდა და მეტოქე 8:3 დაწინაურდა - ზუსტად ისე, როგორც პირველ მატჩში.
თამაში შესანიშნავად დაიწყო შოთა თევზაძემ (7 მოგერიება პირველ ტაიმში), თუმცა, ჩვენებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ - 7 დაკარგული ბურთი პირველ ნახევარში. ამის მიუხედავად, გუნდმა თამაში გაათანაბრა და მეტოქეს კვალში ჩაუდგა. ერთადერთი, რაშიც ჩრდილოეთ მაკედონია პირველ ტაიმში აშკარად გვჯობნიდა, უფრო მრავალფეროვანი შეტევა იყო - მასპინძლებმა 4 გოლი გაიტანეს კუთხეებიდან, ჩვენ კი ამ ორი პოზიციიდან ერთადერთხელ, ისიც უშედეგოდ შევუტიეთ.
საქართველოს ნაკრების დაცვა 6-0 განლაგებაზე გადავიდა და ეს ეფექტური გამოდგა, თუმცა მასპინძლები კიდევ ერთხელ გაგვექცნენ 5 ბურთით - 14:9. პირველ ტაიმში მოედანზე შემოვიდა კბილაშვილი, ფლანგებზე თამაშში ჩაერთვნენ რუსტამოვი და გოგოლაძე. ჩიქოვანის ჩაჭრილი ბურთის შემდეგ არსენაშვილი წავიდა სწრაფ გარღვევაში 13:15, ჩრდილომაკედონიამ კი ბოლო შეტევაში გაგვიტანა და ტაიმი 17:14 მოგვიგო.
მეორე ნახევარში დაცვაში შემოვიდა ლექსო წითელიშვილი, თევზაძემ კიდევ სამი დარტყმა მოიგერია, ორჯერ ეფექტურად ჩაირბინა ხაზზე რუსტამოვმა, რეგულარულად გაჰქონდა ჩვენს ხაზის მოთამაშეს, არენაშვილს (9 გოლი), და დიხამინჯიამაც შეაგდო მარჯვენა კუთხიდან. კბილაშვილის ორი ძალისმიერი გარღვევისა და ერთი შედეგიანი პასის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (21:22) და ბოლომდე თანაბარი თამაში წავიდა. აქ თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ზურაბ ცინცაძე, რომელმაც 4 დარტყმა მოიგერია.
ჩვენმა ნაკრებმა რამდენჯერმე გაათანაბრა ანგარიში, თუმცა, წინ ვერა და ვერ გავიდა. ტრავმა მიიღო არსენაშვილმა და ის უჩა მაისურაძემ შეცვალა, ბოლო წუთები კი გიორგი ცხოვრებაძის იყო, რომელმაც ჩვენი ბოლო 5 გოლიდან 4 გატანა. ორჯონიკიძის გაძევების შემდეგ მაკედონია ორით დაწინაურდა (27:25), მაგრამ ცხოვრებაძემ 9 მეტრიდან ორჯერ გაათანაბარა - 27:27 და 28:28.
დარჩენილი იყო წუთნახევარი: მასპინძელთა ბოლოსწინა შეტევაში ბურთი მათმა პივოტმა არსენოვსკიმ მიიღო. ირაკლი კბილაშვილმა მის წინააღმდეგ წესი დაარღვია, არსენოვსკიმ კი ხელის მოქნევა მოასწრო და დარტყმის იმიტაცია გააკეთა - შესაბამისად, კბილაშვილი შვიდმეტრიანითა და ორწუთიანით დაისაჯა - 28:27, რჩება 27 წამი.
მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წამით ადრე ცხოვრებაძემ მორიგი გოლი გაიტანა 9 მეტრიდან (28:28) და წესით თამაში ასევე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა მოასწრეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა და პოპოვსკიმ 9 მეტრიდან დაარტყა - გოლი გავიდა და სირენაც გაისმა. ჩრდილოეთ მაკედონიამ 29:28 მოიგო.
საქართველოს ნაკრებს ახლა იანვარში უწევს 5 ოფიციალური თამაში. 10-12 იანვარს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია გვაქვს იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინეთთან ორი მატჩი: 16 იანვარს თბილისში და 19 იანვარს მეტოქის მოედანზე. სწორედ ფინეთთან დაპირისპირებამ უნდა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპულ ელიტაში შესვლას და 32 უძლიერეს გუნდთან ერთან ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში თამაშს.
26 ოქტომბერი. ამხანაგური. სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის სახელობის არენა. 1500
ჩრდილოეთ მაკედონია 29:28 საქართველო
ჩრდილოეთ მაკედონია: ტომოვსკი (6 მოგერიება), კიზიჩი (4), რისტოვსკი - ტალესკი 7, პოპოვსკი 6, დიმიტრიოსკი 6, პეშევსკი 3, კოსტესკი 2, ტანკოსკი 2, კრსტევსკი 1, იაგურინოვსკი 1, მაძოვსკი 1, მიშევსკი, არსენოვსკი, კუკულოვსკი, დიმიტრიევსკი, მლადენოვიჩი, ლაზაროვი, ველკოვსკი
საქართველო: თევზაძე (10), ცინცაძე (4) – არსენაშვილი 9, ცხოვრებაძე 8, ორჯონიკიძე 3, კბილაშვილი 3, რუსტამოვი 2, დიხამინჯია 2, ჩიქოვანი 1, გოგოლაძე, წითელიშვილი, მაისურაძე (ტორონჯაძე - ჭანტურია, სიმონია, ლაპიაშვილი, მერკვილაძე)
მსაჯები: დიმიტარ მიტრევსკი, ბლაგოიჩე ტოდოროვსკი (ჩრდილოეთ მაკედონია)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო