ერთდღიანი შესვენების შემდეგ საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა განაახლა და მედლებიც მოიპოვა.
რეზი დავითაძემ (89კგ), რომელმაც წლეულს ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის, ხოლო მსოფლიო პირველობაზე ატაცში ოქროს და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ბუქარესტულ ფიცარნაგზე სამივე ხარისხის ჯილდოები დაისაკუთრა.
23-წლამდელებში დავითაძე საუკეთესო იყო ატაცში, სადაც 168 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. მუხლის ტრავმისა და ძლიერი ტკივილის მიუხედავად, 195 კილოგრამი დაიმორჩილა აკვრაში და მესამე შედეგი დააფიქსირა, ხოლო ორჭიდში დაგროვილი 368 კილოგრამით კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
ამავე ასაკობრივ ჯგუფში ტრიუმფალური ასპარეზობა ჰქონდა ანტონ პლესნოის (96კგ). სამი ოქროს მედალი და ევროპის ოთხი რეკორდი! ეს ის შედეგებია, რომელსაც ნატურალიზებულმა უკრაინელმა მიაღწია.
პლესნოიმ ატაცში 173კგ, აკვრაში 215 კგ დაიმორჩილა და ორჭიდში 388 კილოგრამით საქართველოს ჰიმნი ააჟღერა!
აღსანიშნავია, რომ პლესნოიმ ბათუმის ევროპულ ფიცარნაგზე ატაცში მეორე, ორჭიდის ჯამში კი მესამე ადგილები დაიკავა. უკეთესი შედეგები ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ატაცში ოქროს, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო