ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქვიშის თამაშები: ლევან ქელეხსაშვილი ჩემპიონია!

კატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი - ოქრო და ვერცხლი მოიგო!

რამდენიმე საათის წინ მედლების კომპლექტი გათამაშდა ქვიშის ჭიდაობაში, 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ქართველებმა, ლევან ქელეხსაშვილმა და დავით მარსაგიშვილმა ფინალებამდე გაიკვალეს გზა.

ქელეხსაშვილმა (70კგ), რომელიც A ჯგუფში გამოდიოდა, პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი პანაჰ ილიასლი 1:0 დაამარცხა, შემდეგ მასპინძელი აბდულრაჰმან იბრაჰიმი - 3:0. ამავე ანგარიშით გაუმკლავდა ბრაზილიელ ჟოა ვიქტორ დოს სანტოს სილვას, 2:2 დაასრულა შეხვედრა უკრაინელ სემიონ რადულოვთან, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით გამარჯვება ქართველს დარჩა. ქელეხსაშვილმა ნახევარფინალში ბერძენ ნიკო არუზმანიდისსაც მოუგო - 3:1, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი პირველ წრეში ძლეულ პანაჰ ილიასლის შეხვდა, კვლავაც 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონობა იზეიმა!

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა დავით მარსაგიშვილს (90კგ). მომავალმა ფინალისტმა A ჯგუფის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელ კანან ალიევს 3:0 მოუგო, მეორე შეხვედრაში პაკისტანელ მუჰამად ინამთან კი ყველასთვის მოულოდნელად 1:1 დაასრულა შეხვედრა, ამასთან, ბოლოს აღებული ქულის წესით გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მარსაგიშვილმა მესამე შეხვედრაში პორტუგალიელ ადაო რაფაელ ანდრადე და სილვას 3:0 მოუგო, შემდეგ თურქ მურატ ოზკანს 3:1, ნახევარფინალში 4:0 დაამარცხა რუმინელი მიჰაი ნიკოლაე პალაგია, ფინალში კი სწორედ მას შეხვდა, ვისთანაც ჯგუფის მეორე შეხვედრაში დამარცხდა. მარსაგიშვილმა პაკისტანელზე რევანში ვერ აიღო - 2:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რამდენიმე საათში მედლებისთვის ბრძოლას შეუდგებიან დავით ხუციშვილი (80კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). საქართველო ამ თამაშებზე მხოლოდ ხსენებული 4 მოჭიდავით ასპარეზობს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო