ხელბურთის ეროვნული ნაკრები 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ჩრდილოეთ მაკედონიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი 10-12 იანვარსაა იტალიაში - იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, ჯგუფის გამარჯვებული კი უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ პლეი-ოფში ითამაშებს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე რაუნდის, პლეი-ოფის მატჩები ფინეთთან. წყვილის გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელშიც ითამაშებს ევროპის უძიერესი 32 გუნდი და გათამაშდება ფინალური ეტაპის 20 საგზური. შეჯიბრება 2020 წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო ფინეთთან ორი მატჩის საბოლოო თარიღი დადგენილი არაა - მოცემულია მხოლოდ სათამაშო პერიოდი - 2020 წლის 16-დან 23 იანვრამდე და ცნობილია, რომ პირველი შეხვედრა საქართველოში უნდა გაიმართოს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება 41 წლის სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2019 წლის ივლისში, თბილისის სპორტის სასახლეში მოიგო IHF ერთა ჩემპიონატი და ფინეთთან პლეი-ოფის თამაშის უფლებაც მოიპოვა. მაქსიმოვიჩის ასისტენტი კვლავ ბექა ორჯონიკიძე იქნება, სამწვრთნელო შტაბს კი დაემატა სამი სპეციალისტი: ფიზმომზადების მწვრთნელი, სერბი მარკო შეშუმი, მეკარეების მწვრთნელი, ბერძენი ვასილის ანასტასელოსი და სერბი ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი.
საქართველოს ყველა ნაკრები გუნდის სპორტული დირექტორი ქნება 57 წლის სერბი დრაგან ჯუკიჩი, რომელიც კონსულტანტის რანგში უკვე მუშაობდა ეროვნულ გუნდთან IHF ერთა ჩემპიონატზე. წინა სეზონში ჯუკიჩი წვრთნიდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის გამარჯვებულ კლუბს - CSM ბუკურეშტის, სანაკრებო დონეზე კი გაუწვრთნია შვეიცარიის, ბრიტანეთის, ისრაელისა და მონტენეგროს ეროვნული გუნდები.
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში 21 ოქტომბერს გაემგზავრება, სრული შემადგენლობით იქვე შეიკრიბება და თამაშამდე სამი დღე ივარჯიშებს. ნაკრების ძირითადი ბირთვი უცხოეთში თამაშობს, საბოლოო შემადგენლობას კი მწვრთნელები დაასახელებენ მას შემდეგ, რაც 15-17 ოქტომბერს თბილისში გაიმართება საქართველოს თასის გათამაშება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო